პაატა იმნაძე - ლოკდაუნს ჩვენი ეკონომიკა ვერ გაუძლებს, მაგრამ წერტილოვანი შეზღუდვები უნდა გაფართოვდეს, რათა მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეთ ამ ომიდან
პაატა იმნაძე - ლოკდაუნს ჩვენი ეკონომიკა ვერ გაუძლებს, მაგრამ წერტილოვანი შეზღუდვები უნდა გაფართოვდეს, რათა მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეთ ამ ომიდან

ჩვენ ახლა არ შეგვიძლია, რომ ქვეყანაში ლოკდაუნი გამოცხადდეს, ჩვენი ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს, მაგრამ წერტილოვანი შეზღუდვები უნდა გაფართოვდეს, რაც მოგვცემს საშუალებას, ამ ომიდან მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვები საკმარისი აღარ არის.

იმნაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტების თვალსაზრისით, ყველა ინტელექტუალური რესურსის გამოყენებაა საჭირო.

„შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სამწუხაროდ, თავიდანვე იყო პროგნოზები, რომ ყველა იმ აქტივობას, რაც იყო ქვეყანაში, მოჰყვებოდა შემთხვევების ასეთი მატება. რა თქმა უნდა, საჭიროა გამოვიყენოთ ყველა ის ინტელექტუალური რესურსი, რაც ქვეყანაშია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტების თვალსაზრისით, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი კოლეგების.

ყველა შეთანხმებული ვართ, რომ ის შეზღუდვები, რაც არის ქვეყანაში, საკმარისი აღარ არის ამ სიტუაციაში. საჭიროა, ასე ვთქვათ, მეტი წერტილოვანი შეზღუდვის დაწესება. ჩვენ უბრალოდ ახლა არ შეგვიძლია, რომ ლოკდაუნი გამოცხადდეს, ჩვენი ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს, მაგრამ წერტილოვანი შეზღუდვები უნდა გაფართოვდეს, ამაზე ყველა ვთანხმდებით. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეთ ამ ომიდან“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

დატოვე კომენტარი