პაატა იმნაძე - ლოკდაუნი არ იგეგმება, საკოორდინაციო საბჭოზე განიხილება რეგულაციების დამატება, რომლებიც ეკონომიკაზე დამღუპველ ზეგავლენას არ მოახდენს
პაატა იმნაძე - ლოკდაუნი არ იგეგმება, საკოორდინაციო საბჭოზე განიხილება რეგულაციების დამატება, რომლებიც ეკონომიკაზე დამღუპველ ზეგავლენას არ მოახდენს

ლოკდაუნი არ იგეგმება, საკოორდინაციო საბჭოზე განიხილება რეგულაციების დამატება, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაზე დამღუპველ ზეგავლენას არ მოახდენს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კახეთში განაცხადა.

„საკოორდინაციო საბჭოზე ლოკდაუნის საკითხი არ განიხილება, განიხილება, რომ დაემატოს ის რეგულაციები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაზე არ მოახდენს დამღუპველ ზეგავლენას“, – განაცხადა იმნაძემ.

იმნაძე კახეთში რთველის პერიოდში ინფიცირების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით ინფიცირების აღმავალ პროგნოზზე საუბრობს. მისივე თქმით, პირველადი ჯანდაცვა და ჰოსპიტალური სექტორი მოსალოდნელი დავტვირთვისთვის მომზადებული უნდა იყოს. პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კახეთში აცრების დაბალი მაჩვენებელია და ამ მიმართულებით მუშაობის გაძლიერებას მიიჩნევს საჭიროდ.

მისივე განმარტებით ეპიდემიოლოგური მაჩვენებელი ბათუმსა და თბილისში კლების ტენდენციისკენ წავიდა, თუმცა ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ელოდებიან რეგიონებში. პაატა იმნაძემ კახეთში მცხოვრებლებს რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა.

„კახელებს ვთხოვ, გამოიჩინონ მათთვის დამახასიათებელი სიდარბაისლე და გონიერება, გადადონ ახლა დიდი ქეიფები, ქორწილები და ქელეხები, არ არის ამისი დრო. რთველი ჩაატარონ კარგად და მერე ეგება, უკეთესი მდგომარეობა გვქონდეს“,- განაცხადა იმნაძემ.

ამასთან, პაატა იმნაძემ ასევე დაადასტურა ორჯერ ვაქცინირებული პაციენტების გარდაცვალების შემთხვევა და განაცხადა, რომ ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა.

„მიმდინარეობს ამ ფაქტის მოკვლევა, ისევე როგორც წინა ფაქტის მოკვლევა. ასპროცენტიანი ქვეყანაზე არაფერი არ არსებობს“,- აღნიშნა იმნაძემ.

დატოვე კომენტარი