პაატა იმნაძე კორონავირუსის რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნებიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს მოუწოდებს, ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იყვნენ
პაატა იმნაძე კორონავირუსის რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნებიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს მოუწოდებს, ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იყვნენ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებიც ბრუნდებიან კორონავირუსის რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნებიდან, საზღვარზე სიმპტომების არდაფიქსირების შემთხვევაში, ორი კვირის განმავლობაში იყვნენ თვითიზოლაციაში.

„მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა საზღვარზე, რომ გამოვლენილიყო რისკის ზონიდან მომავალი ადამიანებს თუ ქონდათ დაავადების რაიმე ნიშნები. 1600-ზე მეტი ადამიანი შემოწმდა.
ანალიზები დასრულდა საღამოს. ჯერჯერობით არ დამატებია არც ერთი დადასტურებული შემთხვევა. კვლავ სამი ადამიანია საქართველოში ახალი კორონავირუსით დადასტურებული. ჩვენი ერთადერთი თხოვნა იქნება, ვინც ბრუნდება მაღალი რისკის არეებიდან და საზღვარზე არაფერი დაუფიქსირდებათ, ორი კვირის განმავლობაში მაქსიმალურად იყვნენ თვითიზოლაციაში, რათა თავიანთი ახლობლების და საერთოდ, ადამიანების ჯანმრთელობა არ დააყენონ რისკის ქვეშ“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

რაც შეეხება ინფიცირებული ადამიანების ჯანმრთელობას მდგომარეობას, მისი თქმით, სამივე შემთხვევა მსუბუქად მიმდინარეობს.

„რაც შეეხება იმ სამ ადამიანს, ვისაც დაუდასტურდა ვირუსი, ერთ პაციენტს აქვს ხველა, ორი პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური, არავითარი სიმპტომები და მიმდინარეობა არ აქვთ, არიან ძალიან მსუბუქად. პანიკის საფუძველი არ არსებობს. არასოდეს არ არსებობს, რადგან პანიკა არაფერს შველის. მნიშვნელოვანია სიფხიზლე და სიფრთხილე და არა ისტერიკა. რეკომენდაციები რჩება იგივე: თავი შევიკავოთ მგზავრობისგან, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც არის ინფექციის გავრცელება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, დღეიდან საკარანტინო კლინიკებს გორის სამხედრო ჰოსპიტალიც დაემატა, რომელშიც საჭიროების შემთხვევაში გადაიყვანენ ადამიანებს.

„დღეს უკვე გვქონდა ინფორმაცია, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალი დაემატა იმ კლინიკებს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იქნება გამოყენებული. ასე, ეტაპობრივად, იმისდა მიხედვით, რა საჭიროება იქნება, კიდევ მოხდება იმ დაწესებულებების გამოთავისუფლება, რომელშიც შესაძლო ავადმყოფები შეიძლება, განთავსდნენ“, – დასძინა პაატა იმნაძემ.