პაატა იმნაძე - კორონავირუსი ისეთი ვერაგი დაავადებაა, ყველა აუცრელს საფრთხეს შეუქმნის
პაატა იმნაძე - კორონავირუსი ისეთი ვერაგი დაავადებაა, ყველა აუცრელს საფრთხეს შეუქმნის

კორონავირუსი ისეთი ვერაგი დაავადებაა, ყველა აუცრელს საფრთხეს შეუქმნის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა. იმნაძე ახალქალაქში ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნო.

„სამწუხაროდ, სანამ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა არ აიცრება, კორონავირუსი ისეთი ვერაგი დაავადებაა, ყველა აუცრელს საფრთხეს შეუქმნის. მისი გავრცელება უკვე ჩუტყვავილას გაუსწორდა და ამიტომ, მაქსიმალურად მეტი ჩვენი თანამოქალაქე უნდა აიცრას, რადგან ამ პატარა ქვეყანაში, ყოველდღიურად არ ვკარგავდეთ ამდენ ადამიანს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

„ავიცრათ ერთმანეთისთვის“ – ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში, ახალქალაქსა და სამტრედიაში ღონისძიებები გაიმართა, სადაც სტუმრებს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა მიეცათ. მსურველებს აცრა „ფაიზერის“, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინით შეეძლოთ. ღონისძიების მიმდინარეობისას ვაქცინირებული მოქალაქეები სხვადასხვა ვაუჩერით დასაჩუქრდნენ და უფასოდ ისარგებლეს იუსტიციის სახლის მობილური ჯგუფების მომსახურებით.