პაატა იმნაძე იმ შესაძლო მიზეზებს ასახელებს, რის გამოც საქართველოში კორონავირუსით ლეტალობის მაჩვენებელი შემცირებულია
პაატა იმნაძე იმ შესაძლო მიზეზებს ასახელებს, რის გამოც საქართველოში კორონავირუსით ლეტალობის მაჩვენებელი შემცირებულია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ლეტალობის მაჩვენებლის შემცირება რამდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული. იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“  საკითხზე საუბრისას რამდენიმე კომპონენტი დაასახელა. მათ შორის, პაატა იმნაძის თქმით, შესაძლოა, ვირუსი ნაკლებად ვირულენტურია და  სამედიცინო სექტორი უკეთესად არის მომზადებული.

„რამდენიმე კომპონენტი შეიძლება იყოს. პირველი, მოგეხსენებათ, ვირუსი ცხოველიდან გადმოვიდა ადამიანზე. ასე ვთქვათ, რაც უფრო ადამიანის გახდება ვირუსი, თუ უნდა, ჩვენს პოპულაციაში დაიმკვიდროს თავი, ნაკლებად ლეტალური უნდა იყოს. ვირუსი ცხოვრობს ცოცხალ უჯრედში, მას არ აწყობს, მოკლას ორგანიზმი, რადგან უჯრედში ვეღარ იცხოვრებს.  სამეცნიერო მტკიცებულებები, რომ ვირუსი ნაკლებად ვირულენტურია, ჯერჯერობით არ არის, თუმცა შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ასე ხდება.

მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, სამედიცინო სექტორმა ვირუსის გავრცელების მართვა გაცილებთ უკეთ ისწავლა, მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ვირუსის საწინააღმდეგო წამალი არ არის. ესეც, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია. მესამე, ბევრი შემთხვევაა ძალიან უსიმპტომო ან მსუბუქად მიმდინარე, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ზაფხულში ცოტა სტრუქტურა შეიცვალა, ნაკლებად არიან ხანდაზმული ადამიანები ავად და უფრო ახალგაზრდები არიან ავად, გასაგებიც არის, რადგან ზაფხულის მობილობა უფრო ახალგაზრდებს ეხებოდა. ახალგაზრდების უმრავლესობაში, საბედნიეროდ, ვირუსი უფრო მსუბუქად მიმდინარეობს.  ასე რომ, ჯერჯერობით, დასკვნებს ნუ გავაკეთებთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.