პაატა იმნაძე - გრიპის ვირუსთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს
პაატა იმნაძე - გრიპის ვირუსთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს

გრიპის ვირუსთან დაკავშირებით საქართველოში ამ ეტაპზე ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს, – ამის შესახებ მეცნიერების დარგში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისათვის საქართველოში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე 190 დაავადებულია. ეს კი, დაახლოებით 20 პროცენტით ნაკლებია გასულ წელთან შედარებით.

იმნაძემ განმარტა, რომ ეპიდემიის საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს. ეპიდემიად მიიჩნევა 450-500 დაავადებული 100 ათას მოსახლეზე.

რაც შეეხება გარდაცვალების ორ შემთხვევას, პაატა იმნაძის განცხადებით, მიზეზი სამედიცინო დაწესებულებისთვის დაგვიანებული მიმართვა გახდა.

„ახლა ზამთარია და ზამთარი გრიპის გარეშე არ არის. ბოლო კვირის მონაცემებით, ავადობა 190 ადამიანია 100 ათას მოსახლეზე. საქართველოს პირობებისთვის ეპიდემიის ზღვრად 450-500 შემთხვევა მიიჩნევა 100 ათას მოსახლეზე. შარშან იგივე პერიოდში 100 ათას მოსახლეზე 220 იყო, ხოლო პიკის პერიოდში – 280. არავითარ ეპიდემიაზე ლაპარაკი არ არის. ძირითადად, გავრცელებულია ბავშვთა ასაკში, ჰოსპიტალიზებაც სწორედ ძირითადად, პატარა ასაკის ბავშვებზე მოდის, დიდების საავადმყოფოში არ არის გადატვირთულობა“, – განაცხადა იმნაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ზამთრის პერიოდისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.

„რა თქმა უნდა, ადამიანები უნდა იყვნენ ფრთხილად. მთავარია, არ მივიდეთ იქამდე, რომ გავრცელდეს და ფატალურად დამთავრდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ ბავშვს აქვს სიცხე 38.5 ან მეტი ერთი დღე, აუცილებლად უნდა ნახოს ექიმმა. სავალდებულო არსად არის გრიპის ვაქცინაცია, სავალდებულოა მხოლოდ მაღალი რისკის პროფესიული ჯგუფებისთვის“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ და აღნიშნა, რომ 93 ათასამდე ასეთი ადამიანი აცრილია.