პაატა იმნაძე - გადაჭარბებულად ნუ შეგვეშინდება „კოვიდ-19“-ის ახალი შტამის, დიდი განსხვავება ახალ და ძველ შტამებს შორის არ არის
პაატა იმნაძე - გადაჭარბებულად ნუ შეგვეშინდება „კოვიდ-19“-ის ახალი შტამის, დიდი განსხვავება ახალ და ძველ შტამებს შორის არ არის

ახლა უნდა გადავარჩიოთ ის საეჭვო შემთხვევები, რომლებიც შესაძლოა, იყოს ახალი შტამი და მათი სეკვენირება უნდა მოხდეს, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „კოვიდ-19“-ის ახალ შტამთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

როგორც მან აღნიშნა, დიდი განსხვავება „კოვიდ-19“-ის ახალ და ძველ შტამებს შორის არ არის.

იმნაძის განცხადებით, ახალ შტამს იმაზე სწრაფი გავრცელება არ ექნება, ვიდრე საქართველოში სამი-ოთხი კვირის წინ ფიქსირდებოდა, როცა ქვეყანა ვირუსის გავრცელების კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო.

„ჩვენ ვაკეთებთ ვირუსების სეკვენირებას ლუგარის ცენტრში. ახლა უნდა გადავარჩიოთ ის საეჭვო შემთხვევები, რომლებიც შესაძლოა, იყოს ახალი შტამი და მათი სეკვენირება უნდა მოხდეს. ამას გავაკეთებთ, მაგრამ არავითარი დიდი განსხვავება ახალ და ძველ შტამებს შორის არ არის. ჩვენ ყველა რეკორდი მოვხსენით მსოფლიოში. სამი ოთხი კვირის წინ მსოფლიოში პირველები ვიყავით გავრცელებით. ძნელად წარმომიდგენია, რომ იმ ახალ შტამს იმაზე სწრაფი გავრცელება ჰქონდეს, რაც ჩვენ გვქონდა დაახლოებით, სამი კვირის წინ. აქედან გამომდინარე, იმ ახალ შტამთანაც მთავარი რჩება იგივე – პირბადე და დისტანცია. სხვა გზა ჯერჯერობით მსოფლიოში არ არსებობს იმისთვის, რომ გავრცელების სისწრაფე შენელდეს. ასე რომ, გადაჭარბებულად ნუ შეგვეშინდება ახალი შტამის. ისიც საკმარისია, რაც დღეს ცირკულირებს“, – განაცხადა იმნაძემ.