პაატა იმნაძე - ადამიანთა გარკვეული ჯგუფები ხალხს ჩასჩიჩინებენ, რომ კორონა არაფერია, რითაც ვფიქრობ, დივერსიას ეწევიან, მაგრამ ეს ქვეყანა არ ჩამოიქცევა, ყველაფერს გავუძლებთ
პაატა იმნაძე - ადამიანთა გარკვეული ჯგუფები ხალხს ჩასჩიჩინებენ, რომ კორონა არაფერია, რითაც ვფიქრობ, დივერსიას ეწევიან, მაგრამ ეს ქვეყანა არ ჩამოიქცევა, ყველაფერს გავუძლებთ

ეს ქვეყანა არ ჩამოიქცევა, ჩვენ ყველაფერს გავუძლებთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„არიან ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ხალხს ჩასჩიჩინებენ, რომ ეს ტყულია, კორონა არაფერი არ არის, გრიპია, მსუბუქია და ა.შ. რატომღაც, მგონია, რომ ეს მართული ჯგუფებია, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ ელემენტარულად, დივერსიას ეწევიან. ეს ადამიანები იმისკენ არიან მომართული, რომ ქვეყანა ჩამოიქცეს, მაგრამ ეს ქვეყანა არ ჩამოიქცევა. ჩვენ ყველაფერს გავუძლებთ“, – განაცხადა იმნაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა შეზღუდვების შემოღების შესახებ უფრო ადრე დაანონსებულიყო, რათა ადამიანებს მოსამზადებლად მეტი დრო ჰქონოდათ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ამის შესახებ ადამიანებმა ერთი კვირის წინ იცოდნენ.

„საკოორდინაციო საბჭოზე რომ ვიყავი ხოლმე, იქიდან გამოსული არ ვიყავი, ქალაქში ზუსტად ლაპარაკობდნენ, იქ რასაც ვამბობდით და რაც დაგეგმილი იყო, მე მგონი, ერთი კვირის წინ უკვე ყველამ იცოდა“, – განაცხადა იმნაძემ. 

შეკითხვაზე, რატომ ხდება, რომ ზოგჯერ, ლაბორატორიის პასუხები ცდება და ადამიანებს კორონავირუსზე ტესტირების შემდეგ უარყოფითი პასუხი მოსდით, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდება, რომ მათ ჰქონდათ ვირუსი, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ მედიცინაში ასპროცენტიანი არაფერია და ტესტირების დროს ხარვეზები არის, რაც ნაწილობრივ, ნაკადების მკვეთრი მატებითაც არის განპირობებული.

„შეცდომა ყოველთვის შეიძლება, მოხდეს, მაგრამ აქ ძალიან ბევრი ფაქტორია ხოლმე. ძირითადად, ძალიან დიდი ალბათობით, ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ შეიძლება, ნაცხიც არ იყოს სწორად აღებული, სპეციალისტი ღრმად არ შევიდეს ცხვირის ღრუში და სხვა. ეს შესაძლებელია, მოხდეს, მაგრამ რაზეა ლაპარაკი, როდესაც დღეში 5 000 შემთხვევაა, ერთი ასეთი შემთხვევა შეიძლება მოხდეს. ჩვენც აღმოგვიჩენია ასეთი შემთხვევები, როცა 120 000 შემთხვევიდან პასუხები არ იყო ხოლმე სწორი, მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ ეს დროულად გადამოწმდეს. ისიც შესაძლებელია, რომ ადამიანი მართლა იყოს ავად და რამდენი ანალიზიც არ უნდა გააკეთო, მაინც უარყოფითი მოგცეს, მაგრამ ეს ისეთი გამონაკლისებია, რომ ამინდს ვერ ცვლიან“, – განაცხადა იმნაძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, კარგავს თუ არა ძალას „კოვიდ 19“ დროსთან ერთად, იმნაძემ აღნიშნა, რომ მუტაცია ბევრია აღმოჩენილი, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ ჯერობით, არ ჩანს ისეთი მუტაციები, რომელიც ვირუსის სიძლიერეს შეცვლიდა.

„ის, რომ ამ ვირუსის აგრესიულობა და ლეტალობა შემცირდა, სხვა ფაქტორების გამოა. ექიმებმა უკეთესად ვისწავლეთ მართვა, უფრო მეტი შემთხვევაა აღმოჩენილი და სხვა“, – განაცხადა იმნაძემ.

შეკითხვაზე, რა რისკებს ქმნის თვითმკურნალობა, ანტიბიოტიკების, სისხლის გამათხელებლების გამოყენება და ასე შემდეგ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ანტიბიოტიკების და სისხლის გამათხელებლების თვითნებურად მიღება კატეგორიულად მიუღებელია.

„ანტიბიოტიკი არც ერთ ვირუსზე არ მოქმედებს. ანტიბიოტიკმა შეიძლება, ორგანიზმს მხოლოდ ცუდი გაუკეთოს, ხოლო ვირუსს არაფერს არ უზამს. ამიტომ, ანტიბიოტიკის გამოყენება კატეგორიულად არ შეიძლება, თუ არ არის „კოვიდზე“ თანდართული ბაქტერიული ინფექცია, რაც გვიან ხდება ხოლმე და ეს ექიმმა უნდა დაადგინოს. რაც შეეხება სისხლის გამათხელებლებს, მათი მიღება მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შეიძლება, არავითარ შემთხვევაში თვითნებურად და მით უმეტეს, როცა ადამიანი კოვიდისგან უკვე გამოჯანმრთელდება“, – განაცხადა იმნაძემ.

დატოვე კომენტარი