პაატა იმნაძე - დონალდ ტრამპი ტესტის პასუხს ორი დღე ელოდებოდა, ჩვენ კი საშუალება გვაქვს, პასუხი პრაქტიკულად 12 საათში გვქონდეს
პაატა იმნაძე - დონალდ ტრამპი ტესტის პასუხს ორი დღე ელოდებოდა, ჩვენ კი საშუალება გვაქვს, პასუხი პრაქტიკულად 12 საათში გვქონდეს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კორონავირუსზე ტესტის პასუხს ორი დღე ელოდებოდა, ჩვენ კი საშუალება გვაქვს, პასუხი, პრაქტიკულად, 12 საათის, მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში გვქონდეს, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“.

„სამწუხაროდ, უკვე ამ ეტაპზე შეიმჩნევა პანიკური მომართვიანობა ტესტების გასაკეთებლად, მაგრამ მოდით, ყველანი რეალისტები ვიყოთ. დღეს ჩვენ ქვეყანაში ტესტები გაცილებით სწრაფად და ეფექტიანად კეთდება, ვიდრე ძალიან ბევრ ჩვენზე მდიდარ და განვითარებულ ქვეყანაში. არის ძალიან მდიდარი ქვეყნები, სადაც ტესტის პასუხს დღეები ელოდებიან“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში პრობლემის გარეშე უტარდება ტესტი ყველა ადამიანს, ვისაც საჭიროა, რომ ჩაუტარდეს.

„რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, მისი ყველაზე უკეთესი გამოყენების გამოცდილება კორეას აქვს და რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მუშაობა, რომ დაავადების გავრცელების გარკვეულ ეტაპზე, როდესაც გავრცელება გაცილებით ფართომასშტაბიანი იქნება, ვიდრე დღეს არის და საზოგადოებაში ინფექცია გაჩნდება, შეიძლება, გამოვიყენოთ ის ტაქტიკა, რომელიც კორეამ გამოიყენა, რათა საზოგადოებაში გავრცელების დროს შემთხვევები დროულად აღმოვაჩინოთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად იქნება მინიმუმამდე დაყვანილი ცდომილების ხარისხი სწრაფი ტესტების შემთხვევაში, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ მსოფლიოში ძალიან ბევრი ტესტი გამოჩნდა, რომელიც ინფექციაზე ორგანიზმის პასუხს ადგენს და იმის დადგენას, არის თუ არა ადამიანი ინფიცირებული, დაახლოებით ერთი კვირა სჭირდება, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ტესტები დაავადებათა კონტროლის ცენტრს არ გვაკმაყოფილებს.

„ამ ეტაპზე ჩვენ გვინდა ანტიგენის აღმომჩენი ტესტები, როდესაც ადამიანი ინფიცირებული გახდება და ასეთი ტესტები მსოფლიოში ჯერ მხოლოდ კორეასა და ჩინეთშია. ტაქტიკა, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ იყოს, არის ის, რომ როცა მოსახლეობაში დაავადების ფართო გავრცელება იქნება, ახალი შემთხვევები სწრაფად აღმოვაჩინოთ. ამ ტესტებზე ძალიან აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს როგორც კორეასთან, ისე ჩინეთთან და ეს საშუალებას მოგვცემს, ფართო გავრცელების პირობებში სიტუაცია ვაკონტროლოთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, ტესტები, ანუ ნუკლეინის მჟავა, რომლითაც საქართველოს ჯანდაცვის სისტემა დღეს სარგებლობს, არის ოქროს სტანდარტი.

„ამ ტესტით პასუხის ცდომილება პრაქტიკულად, არ არსებობს. ეს არის უზუსტესი ტესტი. ჩვენ გავაფართოვეთ არეალი და ეს ტარდება არა მარტო „ლუგარის“ ლაბორატორიაში, არამედ ჩვენს ლაბორატორიებში ქუთაისსა და ბათუმში. ასევე, გადავეცით ინფექციურ საავადმყოფოს და ამ ტესტს უკვე ისინიც აკეთებენ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.