პაატა იმნაძე - დიდი იმედი გვაქვს, რომ შეზღუდვები მოგვცემს საშუალებას, ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა იყოს ნაკლები​
პაატა იმნაძე - დიდი იმედი გვაქვს, რომ შეზღუდვები მოგვცემს საშუალებას, ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა იყოს ნაკლები​

საველე ჰოსპიტალის ქართული ნოუჰაუ არის კოვიდსასტუმროები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საველე ჰოსპიტალების შესაძლო გახსნის შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.

„კიდევ მაქსიმალურად ფართოვდება კოვიდსასტუმროები და თუ ესეც არ იქნება საკმარისი, რა თქმა უნდა, დიდ სივრცეში ბევრი ავადმყოფის ერთად მოვლა. დღეს მინდა, კიდევ ერთხელ უბრალოდ გამოვაცხადო, რომ ჩემს ყველა კოლეგას ვუდასტურებ ღრმა პატივისცემას, რადგან მათ რაც წელიწადნახევარია, გადააქვთ, თქვენ რომ იცოდეთ, ამას ადარებენ, ჩვენ დღეს ავადობა გვაქვს 100 ათას მოსახლეზე გადაანგარიშებით, აი ინდოეთში რაც ხდებოდა, იმაზე ხუთჯერ მეტი. ხუთჯერ მეტი, ინდოეთში რაც იყო და იმას უძლებენ ჩემი კოლეგები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, პირბადე და სოციალური დისტანცია ერთად, წყვილად განიხილება, ხოლო საზოგადოებრივ ტრანსპორტში რთულია დისტანციის დაცვა.

„ახლა ისეთი პერიოდია, უფრო უმტკივნეულო იქნება, მაინც არდადეგების პერიოდია ძირითადად და ეს რისკები რომ შემცირებულიყო, ამიტომ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება და მობილობის შემცირება, ისევე, როგორც პირბადის მაქსიმალურად მეტი ადამიანის მიერ ტარება და ასევე, მობილობის შემცირება. მობილობის შემცირების ერთ-ერთი ყველაზე კარგი გზა არის ტრანსპორტის მაქსიმალურად შეზღუდვა“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

რაც შეეხება ღია სივრცეში ხუთი და მეტი ადამიანის შეკრების შემთხვევაში, პირბადის ტარების შესახებ დაწესებულ რეგულაციას, პაატა იმნაძემ განმარტა, რა არგუმენტს ემყარება აღნიშნული ციფრი.

„ღია სივრცეში დედა, მამა და ორი შვილი რომ მიდის, ოთხი კაცი, ეს არის ერთი ოჯახი, რომელიც ერთად ცხოვრობს დახურულ ბინაში. ხომ არ მოსთხოვ მათ, რომ ყველას ეკეთოს ნიღაბი ერთად რომ მიდიან ტყეში სასეირნოდ. მეხუთე რომ დაემატა, სავარაუდოდ იქნება უკვე სხვა, არაოჯახის წევრი ხომ, სტატისტიკიდან თუ ვიანგარიშებთ და ამიტომ ხუთზეა აღებული“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კითხვაზე, რამდენი პროცენტით იცავს პირბადე, პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ პირბადე 95 პროცენტით იცავს.

„თუ იქნება პირბადის ტარება, შესაბამისად 30 პროცენტით მაინც მოიკლებს ავადობის გავრცელება. არ მგონია, რომ უახლოეს პერიოდში იყოს სხვა შეზღუდვები. დიდი იმედი გვაქვს, რომ დღეს ეს შეზღუდვები მოგვცემს საშუალებას, ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა იყოს ნაკლები“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

რაც შეეხება ლეტალობის მაჩვენებელს, იმნაძის განცხადებით, ამ ეტაპზე განვითარებულ ქვეყნებში კორონავირუსით ლეტალობა ერთ პროცენტს შეადგენს.

„რამდენიც იქნება, იმდენი ათასი ავადმყოფიდან დაახლოებით 10-13 გარდაიცვლება. სანამ ჩვენი მოსახლეობის ნახევარი მაინც არ აიცრება, სამწუხაროდ სხვა მეთოდებით მართვა დაგვჭირდება ხოლმე. ამ ეტაპზე ლეტალობა ყველგან, განვითარებულ ქვეყნებში არის სადღაც 1-1,3 პროცენტი. ეს ჩვეულებრივი არითმეტიკის მაგალითია ხომ. ერთი პროცენტი არის 100-დან ერთი. 1 000-დან ეს არის ათი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.