პაატა იმნაძე - დღეს არსებული ეპიდვითარების შემთხვევაში, გარკვეული სიფრთხილით, სასწავლო პროცესის აღდგენა შესაძლებლად მიგვაჩნია
პაატა იმნაძე - დღეს არსებული ეპიდვითარების შემთხვევაში, გარკვეული სიფრთხილით, სასწავლო პროცესის აღდგენა შესაძლებლად მიგვაჩნია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შენარჩუნების შემთხვევფაში, სასწავლო პროცესის აღდგენა შესაძლებელია.

თუმცა, იმნაძე აღნიშნავს, რომ წინასწარ ძნელია თქმა, ზუსტად როდის შეიძლება განახლდეს სწავლა და ეს პროცესი ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული.

„ამის თქმა წინასწარ ძალიან ძნელია. დღევანდელი, ასეთი მონაცემები რომ იყოს, გარკვეული სიფრთხილით, სასწავლო პროცესის აღდგენა შესაძლებლად მიგვაჩნია. მაგრამ, დაველოდოთ რა მოხდება. ეს ყველაფერი დამოკიდებულია, ჩვენ როგორ მოვიქცევით. სახელმწიფო რეგულაციები არის მაქსიმალურად მოხსნილი, ჩვენზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ქვეყანაში ეპიდემიური სიტუაცია.

თუ დღეს როგორიც არის, ასეთი სიტუაცია იქნება, გვექნება პერიოდულად რაღაც გაურკვეველი წარმოშობის შემთხვევები, რომელსაც შევძლებთ, რომ შემდეგ თვალყური მივადევნოთ, როგორც ყველა კლასტერი აქამდე ჩავკეტეთ და არ გავრცელდა, ასევე ჩავკეტოთ. ეს ერთი ვარიანტია. მეორე ვარიანტი იქნება უკონტროლო ზრდა, რაც ჩვენ მეზობელ ქვეყნებშია – ჩვენზეა დამოკიდებული“, – განაცხადა იმნაძემ.

ამასთან, პაატა იმნაძემ სარიტუალო სუფრებზე, ასევე ქორწილების დროს ინფექციის გავრცელების მომატებულ რისკზეც გაამახვილა ყურადღება.

„როგორც სარიტუალო სუფრები, ისე საქორწილო სუფრები, განსაკუთრებით საქორწილო, მარტო სუფრა არ არის, ამას თავისი ბიზნესები მოჰყვება. არის ფოტოები, ვიდეო გადაღება, კოსმეტიკა, მაკიაჟი, კაბები, ა.შ. შემდეგ ამას მოჰყვება ფლორისტები. ამასთან ბევრი ბიზნესია დაკაშირებული და ეს ადამიანები დარჩენილები არიან თავიანთი შემოსავლის გარეშე.

ეს, რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, მაგრამ მეორე მხრივ, წარმოიდგნეთ, 100-კაციანი ქართული ქორწილი, ნახევარი საათის შემდეგ რომელი გაჩერდება. ადარებენ რესტორნებს, რესტორანში ყველა ზის თავის მაგიდასთან, ყველა მიირთმევს. როგორც კი ეს არის ერთი სუფრა, ყველა ვყოფილვართ ქართულ სუფრაზე, ვინ გაჩერდება თავის მაგიდასთან და ასე ვთქვათ მიირთმევს. ეს ხომ ელემენტარულია, რისკი გაცილებით მეტია ჩვეულებრივ რესტორანთან შედარებით. იგივე, როდესაც არის საქორწილო სუფრა და 100 ნასვამი ადამიანი, თავის ადგილებზე ისხდნენ და არ ჩაეხუტონ ერთმანეთს, გინახავთ ასეთი ქორწილი? მე არ მინახავს. იგივეა ჭირისუფლებზეც. გასაგებია, თავიდან ყველა ზის, მერე იწყება აქაც. პანაშვიდებზეც იგივეა, მეც დავდივარ პანაშვიდებზე და ნიღბის გარეშე არსად დავდივარ. ჯერ ერთი მე ვარ რისკი, სხვებთან შედარებით მომატებული რისკი მაქვს, ვალდებულად ვთვლი ჩემ თავს. ხელს არ ვართმევ, თავს ვუკრავ ხოლმე“, – აღნიშნა იმნაძემ.