პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ვაქცინაციის წინ კოვიდგადატანილი პირებისთვის ანტისხეულებზე ტესტის ჩატარება საჭირო არ არის
პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ვაქცინაციის წინ კოვიდგადატანილი პირებისთვის ანტისხეულებზე ტესტის ჩატარება საჭირო არ არის

არავითარი ტესტის ჩატარება კოვიდგადატანილებისთვის ვაქცინაციის წინ საჭირო არ არის, რადგან რომც არ გქონდეთ ვთქვათ, ანტისხეულები, არ ნიშნავს, რომ დაცულები არ ხართ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“, განაცხადა.

მისივე თქმით, მათ, ვისაც აქვთ ანტისხეულები, აცრის შემდეგ უკეთესი დაცვა ექნებათ.

„არის ეგრეთ წოდებული ჰუმორული იმუნიტეტი, ანუ ანტისხეულები და უჯრედული. ტესტი არაფერს გაძლევთ. თუ გაქვთ ანტისხეულები, აცრის შემდეგ მეტი ანტისხეული გექნებათ და შესაბამისად, უკეთესი დაცვა. ამიტომ, გაქვთ თუ არა, ამის გაგება ვაქცინაციის წინ არაფერს გაძლევთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამასთან, გადაცემაში ყოფნისას პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ თუკი ადამიანს ვირუსი აცრიდან მალევე დაემართება, ვაქცინაცია დაავადებასთან ბრძოლაში მცირედით მაინც დაეხმარება.

„პრაქტიკულად, გამოდის, რომ ვაქცინა გახანგრძლივებულ კოვიდსაც შველის. განსაკუთრებით ჩვენთან არის ხოლმე, როცა ადამიანი აიცრა, ინკუბაციაში იყო და დაეწყო კოვიდი, ან ჯერ იმუნიტეტი არ აქვს და მაშინ დაიწყო, ამის არ შეგეშინდეთ. თუ ინკუბაციაში ხართ, კოვიდი დაგეწყოთ აცრილზე, აცრა კოვიდთან ბრძოლაში ცოტათი მაინც შეგეშველებათ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე: „ვაქცინაციის ორ ეპიზოდს შორის თუ მოხდება დაავადება, იქნება თუ არა მეტი ალბათობა, რომ ინფიცირებული შედარებით მსუბუქად გაივლის პერიოდს“, იმნაძემ განაცხადა, რომ ამის დიდი ალბათობაა.

„აბსოლუტურად დიდი ალბათობაა, რომ თუ აცრებს შორის დაემართა კოვიდი, გაცილებით მსუბუქი უნდა იყოს დაავადების მიმდინარეობა. გადატანის შემთხვევაში, ჩვეულებრივი ინტერვალი, აცრებს შორის ინტერვალი აღარ იმუშავებს, არამედ კოვიდის გადატანის შემდგომი ინტერვალი. მეორე აცრა უნდა ჩატარდეს ვირუსის დაწყებიდან 120 დღის შემდეგ“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.