პაატა იმნაძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის შტამზე სამი საეჭვო შემთხვევიდან ორი არ დადასტურდა, ერთის კვლევის საბოლოო შედეგი კი ხვალ გახდება ცნობილი
პაატა იმნაძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის შტამზე სამი საეჭვო შემთხვევიდან ორი არ დადასტურდა, ერთის კვლევის საბოლოო შედეგი კი ხვალ გახდება ცნობილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალ შტამზე სამი საეჭვო შემთხვევიდან ორი არ დადასტურდა, ერთის კვლევა კი კვლავ მიმდინარეობს.

იმნაძე ამბობს, რომ საბოლოო შედეგი ხვალ გახდება ცნობილი.

„საქართველოში სამი შტამი იყო საეჭვო, ამ სამიდან ორი უარყოფილია, არ დადასტურდა, ერთის კვლევა კიდევ მიმდინარეობს და ხვალისთვის უკვე იქნება საბოლოო შედეგი“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, კორონავირუსის ახალი შტამი უკვე ბევრ ქვეყანაშია აღმოჩენილი.

„ახალი შტამი ყველგან არის, არა მხოლოდ თურქეთში, სხვადასხვა სახელი ჰქვია, მაგრამ ახალი შტამები ბევრ ქვეყანაშია უკვე აღმოჩენილი. საბედნიეროდ, ამ ახალ შტამს სიმძიმე არ მომატებია, ახალი შტამი უფრო ადვილად ვრცელდება, უფრო ადვილად აღწევს ადამიანის უჯრედში, ამიტომაც უფრო გადამდებია. უკვე არსებული შტამებისგან სიმძიმით არ განსხვავდება“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.