პაატა იმნაძე აცხადებს, რომ რუსთავის საკარანტინო ზონად გამოცხადების აუცილებლობა არ დგას
პაატა იმნაძე აცხადებს, რომ რუსთავის საკარანტინო ზონად გამოცხადების აუცილებლობა არ დგას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ რუსთავის საკარანტინო ზონად გამოცხადების აუცილებლობა არ დგას. იმნაძემ ჟურნალისტების კითხვაზე განაცხადა, რომ იქ ყველა კონტაქტი დადგენილია და ღონისძიებები ტარდება.

„რუსთავის წყარო აბსოლუტურად დადგენილია, ეს უკავშირდება ისევ და ისევ ეროვნული ბანკის საცავის თანამშრომლებს. ოღონდ ბანკის საცავის ყველა თანამშრომელი იყო სწორედ იმ რეჟიმზე, რომელიც გვაქვს მოწოდებული დაწესებულებებისათვის. ფაქტობრივად, ისინი იყვნენ ყაზარმულ რეჟიმზე გადაყვანილი, მორიგეობით ასრულებდნენ თავიანთ სამუშაოს. ეს არის ერთი კლასტერი. ამ კლასტერთან დაკავშირებული ის ადამიანი რუსთავში, რომელიც არ იყო ყაზარმულ პირობებში, ამათთან ერთად მუშაობდა. აქედან გამომდინარე, იქ ყველაფერი ცნობილია, ყველა კონტაქტი დადგენილია, ყველა ღონისძიება ტარდება.

ასე რომ, ქვეყანაში არის საკარანტინო მდგომარეობა, თითო შემთხვევის გამო თითო ქალაქი ვერ დაიკეტება. ქვეყანაში პრაქტიკულად საყოველთაო მდგომარეობაა, სწორედ იმიტომ არის, რომ ასე ცალ-ცალკე არ დაგჭირდეს ალაგ-ალაგ ქვეყანაში ამ ღონისძიებების გატარება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.