პაატა იმნაძე აცხადებს, რომ მარნეულში ინფიცირებული ქალის შემთხვევაში, „ჯეოჰოსპიტალსმა“ არსებული პროტოკოლის დაცვით იმოქმედა
პაატა იმნაძე აცხადებს, რომ მარნეულში ინფიცირებული ქალის შემთხვევაში, „ჯეოჰოსპიტალსმა“ არსებული პროტოკოლის დაცვით იმოქმედა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ მარნეულში ინფიცირებული ქალის შემთხვევაში, „ჯეოჰოსპიტალსმა“ არსებული პროტოკოლის დაცვით იმოქმედა. ამის შესახებ მან კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, 62 წლის ქალის ტესტირება რატომ არ მოხდა პირველივე ეტაპზე, პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ კლინიკა მოიქცა აბსოლუტურად სწორად, რადგან „გარკვეული შემთხვევების მართვა არ შეიძლება დამტკიცებული პროტოკოლების გარეშე“.

„არსებობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული შესაძლო შემთხვევის განსაზღვრება ანუ არ შეიძლება, ერთი ექიმი რაღაცას ეძახდეს ერთ რამეს და მეორე ექიმი, საქართველოს მეორე კუთხეში, რაღაცა სხვას აკეთებდეს. ეს თუ არ არის ქვეყანაში მოწესრიგებული, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სიტუაციის კონტროლი. ამას ჰქვია შემთხვევის სტანდარტული განსაზღვრება, ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული. ამის საფუძველზე არსებობს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რითიც დამტკიცებულია, რა წარმოადგენს შესაძლო შემთხვევას, ანუ როდის იტესტება. ის ძალიან მკაფიოდ მიუთითებს იმაზე, რომ უნდა გატესტილიყო ყველა საეჭვო სიმპტომით და მოგზაურობის ისტორიით დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევასთან ახლო კონტაქტით, ან ნებისმიერი მძიმე მწვავე რესპირაციული შემთხვევა საქართველოს ტერიტორიაზე. რა არის მძიმე მწვავე რესპირაციული შემთხვევა, ეს უკვე ექიმმა უნდა განსაზღვროს. ამ შემთხვევაში, ექიმმა ძალიან სწორად განსაზღვრა, რომ აღნიშნული პნევმონიანი პაციენტი დაუმძიმდა თუ არა, შეგვატყობინა და მომენტალურად სინჯი იქნა აღებული, ანუ ყველაფერი ჩატარდა არსებული პროტოკოლის მიხედვით, რომელიც ეფუძნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.