პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამით ინფიცირებული მამაკაცის ყველა კონტაქტი დადგენილია
პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამით ინფიცირებული მამაკაცის ყველა კონტაქტი დადგენილია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამით ინფიცირებული 50 წელს გადაცილებული მამაკაცის ყველა კონტაქტი დადგენილია.

მისივე თქმით, ინფიცირებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იზოლაციაში იმყოფება.

ამასთან, იმნაძის განმარტებით, მოძიებულია ერთ-ერთი კონტაქტის დადებითი ნიმუში და ჩატარდება მისი სეკვენირებაც. საუბარია საქართველოში სხვა ქვეყნიდან შემოსულ პირზე, რომელიც იმავე ქვეყანაში უკვე დაბრუნდა.

„დამთავრდა გადამოწმება, თავიდან სამი საეჭვო შემთხვევა იყო, აქედან ორ შემთხვევაში უკუგდებული იქნა ახალი შტამი, ერთ შემთხვევაში დადასტურდა ე.წ. S გენის მუტაცია, ე.წ ბრიტანული შტამი, დელეცია 69-ე 70-ე პოზიციაზე. პაციენტი არის 50 წელს გადაცილებული, ის თავს კარგად გრძნობს, არის იზოლაციაში, დადგენილია მისი კონტაქტები. ერთ-ერთი მისი კონტაქტის, რომელიც საქართველოში საზღვარგარეთიდან არის შემოსული, მისი მასალაც მოძიებულია და ახლა მიმდინარეობს უკვე იმ მასალის სეკვენირებაც. შესაძლოა, ის ყოფილიყო ინფექციის წყარო ამ შემთხვევაში. დიდ ბრიტანეთთან არავითარი კონტაქტი არ ჰქონია, სხვა ქვეყნიდან შემოვიდა, შემდეგ ისევ წავიდა საქართველოდან, მას შემოსვლის დროს საზღვარზე ჩაუტარდა ტესტირება, იყო უარყოფითი. ქვეყანაში ყოფნის მეშვიდე დღეს, ჩატარებული ტესტირების დროს იმ პირველს დაუდგინდა დადებითი პასუხი, ახლა მოძიებულია ისიც და მისი სეკვენირებაც ჩატარდება. ის ნიმუში, რა თქმა უნდა, შენახულია. ამ პაციენტის (ახალი შტამით ინფიცირებული) მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და, ფაქტობრივად, უკვე მორჩენილიც, იზოლირებულია პაციენტი. ყველა, ვინც მასთან იყო კონტაქტში, გადაყვანილია იზოლაციაში“, – განაცხადა იმნაძემ.

გარდა ამისა, იმნაძის თქმით, არსებული მტკიცებულებებით, ახალი შტამი სიმძიმის ან ლეტარული გამოსავლების სიხშირის მიხედვით არსებული შტამისგან არაფრით განსხვავდება, თუმცა გამოირჩევა უფრო მაღალი გადამდებლობით, ანუ ინფექციურობით.

„აქედან გამომდინარე, ისევ ყველას მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ დისტანცია, პირბადე, რადგან დაცვის ერთადერთი საშუალება გინდა, ახალი შტამი იყოს და გინდა, ძველი, არის პირბადე და დისტანცია. აბსოლუტურად ისევე გადადის, როგორც ძველი შტამი“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დღეს დადასტურდა.