პაატა იმნაძე აცხადებს, რომ 16 იანვარს ჩინეთიდან ჩამოსულ გოგონას კორონავირუსი არ დაუდასტურდა
პაატა იმნაძე აცხადებს, რომ 16 იანვარს ჩინეთიდან ჩამოსულ გოგონას კორონავირუსი არ დაუდასტურდა

22 წლის გოგონას, რომელიც ჩინეთიდან 16 იანვარს ჩამოვიდა და ვირუსული ინფექციის ნიშნები გამოუვლინდა, კორონავირუსი არ აქვს და არცერთი საერთაშორისო სტანდარტით, კორონავირუსის შესაძლო ან საეჭვო შემთხვევად არ მიიჩნევა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძემ განუცხადა.

მისი თქმით, გოგონა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, სამშობლოში ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციიდან იმ დროს დაბრუნდა, როდესაც უხანის გარდა, ჩინეთის არც ერთ სხვა ქალაქსა და პროვინციაში ახალი კორონავირუსი დაფიქსირებული არ ყოფილა.

პაატა იმნაძის თქმით, გოგონას ვირუსული ინფექცია ოჯახის წევრებისგან გადაედო. ამასთან, კონკრეტულად რა ტიპის ვირუსი აქვს მას, ამ ეტაპზე უცნობია და მიმდინარეობს დაკვირვება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით, გოგონა შინ მკურნალობს და მისი მდგომარეობა არ არის მძიმე.

კახეთის ერთ-ერთ სოფელში ჩინეთიდან ჩამოსული გოგონასთვის ვირუსული ინფექციის ნიშნების გამოვლინების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე მედიასაშუალებაში გავრცელდა.