პაატა იმნაძე - აჭარაში ვითარების დასტაბილურების პირველი ნიშნები გამოიკვეთა
პაატა იმნაძე - აჭარაში ვითარების დასტაბილურების პირველი ნიშნები გამოიკვეთა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, აჭარაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, რეგიონს დიდი ყურადღება ექცევა და ვითარების დასტაბილურების პირველი ნიშნებიც უკვე გამოიკვეთა.

„აქ არის საქართველოში კორონასთან ბრძოლის წინა ხაზი. ამიტომ მაქსიმალურად ყურადღებას ვაქცევთ, რომ სიტუაცია დასტაბილურდეს და პირველი ნიშნები გამოიკვეთა, ასე თუ გაგრძელდა, უახლოეს დღეებში შესაძლოა, მივაღწიოთ დასტაბილურებას. შემთხვევების ნახტომისებური მატება არ ხდება, რომელიც პირველი დამაიმედებელი ნიშანია იმისა, რომ მოსახლეობა გაცილებით იცავს შეზღუდვებს, ვიდრე ერთი თვის წინ. უნდა იმოქმედოს დამატებითმა შეზღუდვებმა.

თითოეული ადამიანის გარდაცვალება მისი ოჯახისთვის და ახლობლებისთვის არის ტრაგედია. თუ პირველ 1 900 პაციენტზე იყო 19 გარდაცვალება, დღეს 4 000-ზე მეტი პაციენტი გვყავს დამატებული, ორჯერ მეტიდან გვყავს 19 გარდაცვლილი. გარედან თუ შევხედავ, აგვისტოში რასაც ვუყურებდი, ეს რომ არ ყოფილიყო, გასაკვირი იქნებოდა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამასთან, პაატა იმნაძის თქმით, სამწუხაროა, რომ ბათუმში, მოხუცთა თავშესაფარში კორონავირუსმა შეაღწია. თუმაც, იმნაძე ამბობს, რომ თავშესაფარში მყოფ ადამიანებს მაღალი ხარსხის მომსახურება უტარდებათ.

„ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ მოხუცთა თავშესაფრის დაცვა ვერ მოხერხდა და კორონავირუსმა შეაღწია. ჩვენ გვაქვს დასავლეთის ქვეყნების ძალიან ტრაგიკული გამოცდილება, სადაც თავშესაფარში შეღწეულმა ინფექციამ, იგივე შვედეთში ძალიან მაღალი ლეტალობა გამოიწვია. პრობლემა ის იყო, რომ სავადმყოფოშიც ვერ მიჰყავდათ. ჩვენს თავშესაფარში მყოფებს ძალიან მაღალი ხარისხის მომსახურება ეწევათ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.