პაატა იმნაძე - ​კორონავირუსით ინფიცირებული 49-ე პაციენტი მექსიკური წარმოშობის ფრანგია
პაატა იმნაძე - ​კორონავირუსით ინფიცირებული 49-ე პაციენტი მექსიკური წარმოშობის ფრანგია

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით შენარჩუნებულია მდგომარეობა, როდესაც ინფიცირების თითოეულ შემთხვევაზე ცნობილია, ვისგან მოხდა გადადება.

მისივე განმარტებით, 49-ე ინფიცირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა.

„ეს ადამიანი უცხოელია, ფრანგი მოქალაქეა. რატომ მოუნდა სეირნობა ამ დროს, ცოტა გაუგებარია, მაგრამ რატომღაც ამ დროს გადაწყვიტა მოგზაურობა. იყო საბერძნეთში, საიდანაც შემოვიდა საქართველოში. ეს მოხდა რამდენიმე დღის წინ. ის ქვეყანაში არ შემოუშვეს, აეროპორტში იყო, მაგრამ ასეთი ადამიანების უკან გამგზავრებაც უკვე პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება, რადგან, მოგეხსენებათ, ფრენები პრაქტიკულად არსად აღარ არის. დახმარების გარეშე ხომ ვერ დარჩებოდა ადამიანი. რა თქმა უნდა, ის საბოლოოდ გადაყვანილი იქნა ჯერ კარანტინში და შემდგომ, როგორც კი სიმპტომები გაუჩნდა, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში. ასე ვთქვათ, ეს ახალგაზრდა ფრანგი, მექსიკური წარმოშობის, ამჟამად საქართველოში მკურნალობს. ჩვენ ყველას გავუწევთ დახმარებას, ვინც ჩვენს ქვეყანაშია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.