პაატა გურასპაული - სპორტის ახალი სასახლე ნოემბერში დასრულდება და თებერვალში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს უმასპინძლებს #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშენებლობის დასრულება ნოემბერში არის დაგეგმილი, შემდეგ ტესტირების პერიოდი გაივლის და დიდი ალბათობით, ახალი არენა უკვე თებერვლიდან დიდ საკალათბურთო ზეიმებს უმასპინძლებს:
„წელიწადნახევრის განმავლობაში მშენებლობა ერთი დღე არ გაჩერებულა და კომპანიას ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო. მათი დაპირებაა, რომ დარბაზის მშენებლობა უკვე ამ წლის ნოემბერში დასრულდება. დეკემბერი დაეთმობა ტესტირებას, რადგან იცით, რომ ყველა ასეთი დიდი ნაგებობის ჩაბარებისას ტესტირების პერიოდი აუცილებელი პირობაა. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ თამაშებში პირველი ფანჯარა ნოემბერში უწევს და ამ დროს ფიზიკურად ვერ მოესწრება, მაგრამ მეორე ფანჯარა თებერვალში იქნება. სწორედ ამ დროს გვინდა, რომ სპორტის ახალმა სასახლემ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევს უმასპინძლოს. პირველი – რამდენად იდი სტიმული იქნება ეს მოთამაშეებისთვის და მეორე – მხოლოდ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი არ არის ჩვენი მიზანი.
საქართველოს ნაკრები მომწიფდა იმისთვის, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდეს. ამისთვის, საჭირო იქნება ახალგაზრდების როტაცია, ვეტერანების დახმარება. ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველოდება, ჯერ ნოემბერში, შემდეგ თებერვალში და იქვე იქნება მესამე ფანჯარაც. თუ გუნდი სამი ფანჯრის შემდეგ გადის მომდევნო ეტაპზე, ევროპის ჩემპიონატამდე ერთი კვირით ადრე ჩატარდება უკვე ახალი ეტაპის თამაშები. ძალიან სერიოზული გეგმებია და იმედი გვაქვს, რომ 2020 წელს ქართველი გულშემატკივარი მიიღებს ისეთ სიამოვნებას და იმდენად კმაყოფილი დარჩება არა მხოლოდ სპორტული, არამედ მთელი ამ საკალათბურთო ზეიმით, რომ შემდეგ უკვე მოთხოვნილება გაჩნდება, სპორტის სხვა სახეობებშიც ჩავატაროთ ანალოგიური ტურნირები“, – განაცხადა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.