ტაიმაუტი | პაატა გურასპაული - ჩვენი მიზანია, გავიდეთ ჯგუფიდან და შემდეგ თითოეული თამაში იქნება ფინალი #1TVSPORT
ტაიმაუტი | პაატა გურასპაული - ჩვენი მიზანია, გავიდეთ ჯგუფიდან და შემდეგ თითოეული თამაში იქნება ფინალი #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტს“ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სტუმრობდა. პაატა გურასპაულმა ევრობასკეტი 2022-ის წილისყრის შესახებ ისაუბრა, რომელშიც საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა გაირკვა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის მთავარი საკალათბურთო ტურნირის კენჭისყრაში საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე მონაწილეობდა. 

პაატა გურასპაული: „ხარ არა თუ მაყურებელი, არამედ მონაწილე იმ კენჭისყრის, რომელიც ოლიმპიადას თუ არ ჩავთვლით, ხუთეულში გადის. როგორი საქმეა, როცა გამოდის ქართველი კაცი და მთელი მსოფლიოს წინაშე საუბრობს ქვეყნის მზაობაზე, ჩვენი მომზადების ეტაპებზე, დარბაზის დასრულებაზე, ქართველების სტუმარ-მასპინძლობაზე. როგორი საამაყოა, როცა ლეგენდების სტატუსით კენჭისყრის პროცესში მონაწილე სამი ადამიანიდან, ერთი ქართველია. ვიყავით გახარებულები და ამაყები, რომ საქართველო მომავალ წელს უმასპინძლებს იმ რანგის შეჯიბრებას, რომელიც ჯერ ჩვენს ქვეყანაში არ ჩატარებულა. მთელი საკალათბურთო სამყარო წლების განმავლობაში მუხლჩაუხრელად მუშაობდა, რომ დღევანდელი დღე დამდგარიყო“.

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯგუფში საქართველოს მეტოქეების (ესპანეთი, თურქეთი, რუსეთი, ბელგია, ბულგარეთი) შესაძლებლობები შეაფასა:  „დღევანდელ კალათბურთში არ არსებობს სუსტი მეტოქე, ყველაფერი შედარებითია. თურქეთი ჩვენ ავირჩიეთ და არა მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით. რუსეთი ბედმა გვარგუნა. 18-ში ბოლო მატჩს სწორედ მათ ვეთამაშებით და წარმოგიდგენიათ, რა მოხდება თბილისსა და ახალ სპორტის სასახლეში. 

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მსოფლიო ჩემპიონი ჩამოვა საქართველოში. დირკ ნოვიცკის ხელმა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჩამოგვიყვანა საქართველოში, ჩვენი ვიკას ხელმა – ბელგია და ბულგარეთი. ზუროსს უკვე შეუძლია, რომ ასისტენტებთან ერთად გასავლელი გზა, მოსამზადებელი ეტაპი სწორად გათვალოს. როგორი იქნება წელიწადნახევრის შემდეგ ესპანეთი ან თითოეული გუნდი, მათ შორის ჩვენ, არავინ იცის. დღევანდელი გადასახედიდან ესპანეთი არის თაობათა ცვლის პროცესში, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ 2022-ში თურქეთი ესპანეთზე ნაკლებად რთული მეტოქე იქნება. თუმცა, ყველასთან შეგვეძლება თამაში, ყველასთან შეგვეძლება მოგება, ისევე როგორც ყველას ექნება ჩვენთან შანსი. ჩვენი მიზანია, რომ გავიდეთ ჯგუფიდან, რაც შეიძლება უკეთესი შედეგით და შემდეგ თითოეული თამაში ჩვენთვის არის ფინალი“.

პაატა გურასპაულმა აღნიშნა, რომ სპორტის ახალი სასახლის მშენებლობის დასრულება ნოემბერში არის დაგეგმილი, შემდეგ ტესტირების პერიოდი გაივლის და დიდი ალბათობით, ახალი არენა უკვე თებერვლიდან დიდ საკალათბურთო ზეიმებს უმასპინძლებს.