ევრობასკეტი 2022 - საქართველოს ნაკრების ხუთივე მეტოქე ცნობილია #1TVSPORT

გერმანიის ქალაქ ბერლინში გაიმართა ევრობასკეტი 2022-ის წილისყრა, რომელშიც საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა გაირკვა. ესენი არიან: თურქეთი, რუსეთი, ესპანეთი, ბელგია, ბულგარეთი.

წილისყრაში დირკ ნოვიცკისთან ერთად მონაწილეობდა საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე.

ევრობასკეტი ოთხ ქვეყანაში გაიმართება. თითოეულ მასპინძელს პარტნიორი ქვეყნის (ფედერაცია) არჩევა შეეძლო, რომელიც მასპინძლის ჯგუფში იასპარეზებს. ეს პრაქტიკა 2015 წლის ევრობასკეტიდან მომდინარეობს და მისი მიზანი ჯგუფური ეტაპის მასპინძელი ქვეყნებისთვის ღონისძიების მარკეტინგული და სპორტული მხარის უკეთესად დაგეგმვაა.

გერმანიამ პარტნიორად აირჩია ლიეტუვა, იტალიამ – ესტონეთი, საქართველომ – თურქეთი და ჩეხეთმა – პოლონეთი.

წინასწარ ცნობილი იყო, რომ თურქეთის (პარტნიორი ქვეყანა) გარდა საქართველოსთან ერთად ჯგუფში რუსეთი მოხვდებოდა. ეს უკანასკნელი საქართველოს ჯგუფში ბუნებრივად აღმოჩნდა, რადგან წინასწარ იყო ცნობილი, რომ IV კალათის დანარჩენი სამი წარმომადგენელი წილისყრისას ჩვენს ჯგუფში ვერ მოხვდებოდა: იტალია და ჩეხეთი თანამასპინძლები არიან, ხოლო ლიეტუვა პარტნიორად გერმანიამ აირჩია. დარჩა მხოლოდ რუსეთი.

A ჯგუფი: საქართველო, თურქეთი, რუსეთი, ესპანეთი, ბელგია, ბულგარეთი.

B ჯგუფი: გერმანია, ლიეტუვა, საფრანგეთი, სლოვენია, უნგრეთი, ბოსნია.

C ჯგუფი: იტალია, ესტონეთი, საბერძნეთი, ხორვატია, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი.

D ჯგუფი: ჩეხეთი, პოლონეთი, სერბეთი, ფინეთი, ისრაელი, ნიდერლანდები.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 41-ე ჩემპიონატი 2022 წლის 1-18 სექტემბერს გაიმართება. ჯგუფური ეტაპის თამაშები თბილისში, მილანში, პრაღასა და კიოლნში ჩატარდება, ხოლო ფინალურ ეტაპს (პლეი ოფის თამაშებს) გერმანიის დედაქალაქი ბერლინი უმასპინძლებს.

ფინალური ეტაპი მერვედფინალიდან იწყება, რომელშიც ოთხი ჯგუფის საუკეთესო ოთხ-ოთხი გუნდი გავა.