პაატა გურასპაული - ახალი დარბაზის მშენებლობა სტრატეგიულ ობიექტად იქნა შერაცხული და მშენებლობა ერთი დღეც არ გაჩერებულა
პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა ახალი სპორტული არენის გრანდიოზულ მშენებლობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ამ პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
პაატა გურასპაული: „დარბაზის მშენებლობა სტრატეგიულ ობიექტად იქნა შერაცხული და მშენებლობა ერთი დღეც არ გაჩერებულა. მიწის სამუშაოები უკვე დასრულებულია და რაც ყოველდღიურად ჩვენს თვალწინ ხდება, როგორც იტყვიან – გულს გაგინათებს. ჩართულია ვიდეოთვალი, რომელიც ჩვენი ფედერაციის ვებგვერდზე შეგიძლიათ ნახოთ. ფიბა-საც აქვს საშუალება, რომ უწყვეტ რეჟიმში თვალი ადევნოს მშენებლობის პროცესს.
დიდი მადლობა მთავრობას და კომპანიას, რომელიც ძველი გრაფიკით, თავდაუზოგავად მუშაობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქართული კალათბურთისთვის, რომელიც ასე საჭიროა ევროპის მომავალი პირველობისთვის, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რომელიც შესაძლებლობას მისცემს არამხოლოდ კალათბურთს, არამედ სპორტის სხვა სახეობებსაც, რომ შემდგომში მათაც უმასპინძლონ ანალოგიურ შეჯიბრებებს.
პაატა გურასპაულმა ქართული კალათბურთის გულშემატკივრებს კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი აცნობა. ვერის ლეგენდარული საკალათბურთო დარბაზი, ახლო მომავალში ძველ სტატუსს დაიბრუნებს და კვლავაც არაერთი მნიშვნელოვანი ასპარეზობის მასპინძელი იქნება.
პაატა გურასპაული: „ჩვენ აგრეთვე ვმუშაობთ ვერის არენის საკითხზე. შეხვედრა გვქონდა პრემიერმინისტრთან და იგი დაგვპირდა, რომ უახლოეს პერიოდში ვერის ბაღის საკალათბურთო არენა გადაეცემა კალათბურთის ფედერაციას და შეიძლება ითქვას, რომ კალათბურთი თავის სახლში დაბრუნდება.“