პაატა ჟორჟოლიანი - ორსულების მიმღებლობა ახალ კორონავირუსზე მაღალი არ არის, პანიკის საფუძველი არ არსებობს
პაატა ჟორჟოლიანი - ორსულების მიმღებლობა ახალ კორონავირუსზე მაღალი არ არის, პანიკის საფუძველი არ არსებობს

თსსუ-ის პირველი სუნივერსიტეტო კლინიკის პერინატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი პაატა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ორსულების ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები მაღალი არ არის და ამ მხრივ პანიკის საფუძველი არ არსებობს.

მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ორსულებში კორონავირუსის გავრცელების შესახებ ისაუბრა.

მეან-გინეკოლოგი საზოგადოებას მოუწოდებს, დაიცვან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები.

„არ არსებობს ინფორმაცია, რომ ორსულების მიმღებლობა ახალ კორონავირუსზე არის მაღალი. მიუხედავად იმისა, რომ ორსულებში მიმდინარეობს იმუნოლოგიური, ფიზიოლოური ცვლილებები და შეიძლება ვთქვათ, რომ იმუნური სისტემა დაქვეითებულია, ასეთი ინფორმაცია არ არსებობს და ამისთვის პანიკის საფუძველი არ არის. მათთან იგივე რეკომენდაციებია, რაც შეიძლება, იყოს არაინფიცირებულ და ჯანმრთელ ადამიანებთან მიმართებაში. თავის გაფრთხილება საჭიროა ყველა იმ რეკომენდაციით, რასაც გვაძლევს დაავადებათა კონტროლის ცენტრი და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ესენია – ხელის დაბანა, პირბადე და ასე შემდეგ.  თუმცა, თუ ვსაუბრობთ, რომ ვირუსი არის ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები, უფრო საუბარია წვეთოვანი გზით გადამდებ ინფექციასთან და საჭიროა ზედაპირების დასუფთავება, ხელების დაბანა ხშირად და ა.შ“, – განაცხადა პაატა ჟორჟოლიანმა.

მისი თქმით, სხვა ვირუსების შემთხვევაში იყო ნაადრევი მშობიარობა, ორსულობის შეწყვეტა და სხვა, თუმცა არ არის კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ ეს კონკრეტული ვირუსით იყო გამოწვეული.

„უმეტეს შემთხვევაში, მაღალი ტემპერატურა იწვევს ასეთ გართულებებს ორსულებში და ვარაუდი იმაზე, რომ ამის მიზეზი შეიძლება, იყოს კორონავირუსი, არ არსებობს. რაც შეეხება შემთხვევას, როდესაც ორსული დაინფიცირებული იყო ახალი კორონავირუსით, მშობიარობის შემდეგ ახალშობილში ეს ვირუსი არ გამოვლენილა. ასევე არ არის რეკომენდაცია გაცემული, რომ რძით კვება შეზღუდოს დედამ. მთავარია, დაცული იყოს ყველა რეკომენდაცია. ძუძუთი კვება არ არის აკრძალული, ჯერჯერობით ასეთი რეკომენდაცია არ არსებობს“, -აღნიშნა პაატა ჟორჟოლიანმა.

მან მოუწოდა ყველა დედასა და ორსულს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები დაიცვან.

„პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არის და მოვუწოდებდი ყველა დედას, ყველა ორსულს, დაიცვან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები“, – აცხადებს მეან-გინეკოლოგი.