პაატა ბურჭულაძის ადვოკატი კობა დავითაშვილს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს 
პაატა ბურჭულაძის ადვოკატი კობა დავითაშვილს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს 

ფონდ „იავნანას” დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის ადვოკატის მარიამ ჩიქოვანის თქმით, კობა დავითაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება არის ცილისწამება.

„კობა დავითაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ პაატა ბურჭულაძე ფონდ „იავნანაში“ შესულ თანხებს იპარავდა. ეს განცხადება არის ცილისწამება, არის პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადება. პაატა ბურჭულაძე ითხოვს, კობა დავითაშვილმა უარყოს მის მიერ ცილისმწამებლური განცხადებები და აანაზღაუროს მორალური ზიანი. შესაბამისი მტკიცებულებები წარდგენილია. ამ შემთხვევაში მტკიცება იმისი, რომ პაატა ბურჭულაძემ დანაშაული ჩაიდინა არის მოპასუხე მხარეზე. რაც შეეხება თანხას, სიმბოლურად განისაზღვრა 25 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა, სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაირიცხება ფონდ „იავნანაში“, – განაცხადა მარიამ ჩიქოვანმა.

პაატა ბურჭულაძემ ცილისმწამებლური განცხადებებისთვის კობა დავითაშვილს სასამართლოში უჩივლა. საქმე ეხება ერთ-ერთ მედიასაშუალებაში კობა დავითაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან ბურჭულაძე, ფონდ „იავნანაში“ საქველმოქმედო მიზნებით შემოსული თანხების მოპარვაში დაადანაშაულა. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა გაიმართა.