პაატა ბურჭულაძე თბილისის მერიას მიმართავს, 4 ოქტომბრის ყრილობისთვის „დინამოს“ სტადიონის დაქირავების თანხა გადაუხადოს - სად გვაქვს ჩვენ იმის თანხა, რომ კიდევ სტადიონების ფულები ვიხადოთ
პაატა ბურჭულაძე თბილისის მერიას მიმართავს, 4 ოქტომბრის ყრილობისთვის „დინამოს“ სტადიონის დაქირავების თანხა გადაუხადოს - სად გვაქვს ჩვენ იმის თანხა, რომ კიდევ სტადიონების ფულები ვიხადოთ

დღეს მე ვიყავი ქალაქის მერიაში, შევიტანე განცხადება „რუსთაველის გამზირის“ მოთხოვნით, რომ 4 ოქტომბერს დაგვითმონ ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამოს“ სტადიონი, – ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

გადაცემის წამყვანმა ბურჭულაძეს ქალაქ თბილისის მერის, კახა კალაძის საჯარო პასუხი წაუკითხა, რომლის თანახმადაც, „დინამოს“ სტადიონი არის კერძო საკუთრება, რომელიც ეკუთვნის ბიზნესმენ რომან ფიფიასა და კლუბ „დინამოს“.

ბურჭულაძემ მიმართა ქალაქის მერიას, რომ გადაუხადოს „დინამოს“ სტადიონის დაქირავების თანხა, რადგანაც მას ამის ფინანსური რესურსი არ აქვს.

„მაშინ გვჭირდება შუამდგომლობა, ასეთი დიდი ყრილობის გადაწყვეტა სტადიონის დირექტორს ვერ უნდა დაავალო. ხდება რაღაც ეროვნული რამ. მაშინ ქალაქმა უნდა აიღოს და დაიქირაოს. მივმართავთ ქალაქის მერიას, სთხოვოს რომან ფიფიას და გადაგვიხადოს ამის თანხა. სად გვაქვს ჩვენ იმის თანხა, რომ კიდევ სტადიონების ფულები ვიხადოთ. ქალაქმა უნდა გააკეთოს ეს, რადგან ეს არის ეროვნული ყრილობა, რომელიც უნდა გამოადგეს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.