პაატა ბურჭულაძე - ხალხო, გადახედეთ სალომე ზურაბიშვილის ბიოგრაფიას, მან საქართველო იცის მოყოლით, ვერ გვაგებინებს, რა უნდა
პაატა ბურჭულაძე - ხალხო, გადახედეთ სალომე ზურაბიშვილის ბიოგრაფიას, მან საქართველო იცის მოყოლით, ვერ გვაგებინებს, რა უნდა

28 ოქტომბრის არჩევნებში ორი დიდი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, უკუსვლის გაჩერება და წინსვლა,- ამის შესახებ ლანჩხუთში, „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.

„განვმარტავ, რას ნიშნავს უკუსვლა. თუ ვინმეს კიდევ აქვს ილუზია, რომ შეიძლება „ოცნებამ“ თავისი კანდიდატი, ქალბატონი სალომე გაიყვანოს, ეს არის დიდი უკუსვლა. მე არ ვუსურვებ ამას საქართველოს. ძალიან მინდოდა, რაღაც დადებითი მენახა მე კანდიდატში, მაგრამ ჩამოვთვალოთ“ ის არის ქართველი?- არ არის ქართველი. მან საქართველო იცის მოყოლით, მოუყვნენ, ვინ ვართ ქართველები. ის მეტყველებს ქართულად?- ის ვერ მეტყველებს ქართულად, ვერ გვაგებინებს, რა უნდა. ის არის პატრიოტი ამ ქვეყნის?ის არ არის პატრიოტი ამ ქვეყნის, რადგან მან თქვა, რომ ჩვენ დავუწყეთ ომი რუსეთს და ჩვენ დავბომბეთ ჩვენი ხალხი. გარდა ამისა, მის დაწერილ წიგნს იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ უკვე სასამართლოებში, ევროპაში. დამისახელეთ ერთი თვისება. გეთანხმებით, ლამაზი ქალბატონია, მაგრამ სილამაზის გულისთვის შეიძლება მივცეთ მას ხმა?! ამიტომ ეს უკუსვლა უნდა მორჩეს“, – აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, ქვეყნის წინსვლის გარანტი არის გრიგოლ ვაშაძე.

„ხალხო, გადახედეთ სალომე ზურაბიშვილის ბიოგრაფიას და მიხვდებით, რომ ვერ მონახავთ ხელის მოსაკიდებელს, სად შეიძლება, რომ დავეხმაროთ იმ ქალბატონს და მივცეთ ხმა. ამიტომ უნდა დაფიქრდეთ. და აი, წინსვლა არის, როცა ჩვენ ავირჩევთ ისეთ ადამიანს, როგორიც არის ბატონი გრიგოლი. მე მას ვიცნობ. მართლა მთელი თავისი ცხოვრება საქართველოსთვის იღვაწა, არის უგანათლებულესი, დიდი რამეები გააკეთა, ბევრი საქმეები გააკეთა საქართველოს წინსვლისთვის. ამიტომაც ჩვენ ვიცოდეთ, რომ უკუსვლა უნდა მორჩეს. სალომე ზურაბიშვილის არარჩევით ჩვენ ფაქტობრივად უკვე ვიშორებთ ბიძინა ივანიშვილს, რითაც ძალიან დიდი საქმე გაკეთდება“, – აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.