პაატა ბურჭულაძე - გვყავს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის სახით, რომელმაც შეიძლება, სექტემბერში დანიშნოს ლეგიტიმური არჩევნები, უნდა შევქმნათ ცესკო, წინააღმდეგი არ ვართ, „ოცნებამაც“ მიიღოს მონაწილეობა
პაატა ბურჭულაძე - გვყავს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის სახით, რომელმაც შეიძლება, სექტემბერში დანიშნოს ლეგიტიმური არჩევნები, უნდა შევქმნათ ცესკო, წინააღმდეგი არ ვართ, „ოცნებამაც“ მიიღოს მონაწილეობა

არავითარი მოთხოვნა არჩევნების ჩატარებაზე, ჩვენ თვითონ უნდა ჩავატაროთ ლეგიტიმური არჩევნები. გვყავს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის სახით, რომელმაც შეიძლება, დანიშნოს ეს არჩევნები, უნდა შევქმნათ ცესკო, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ  განაცხადა.

როგორც პაატა ბურჭულაძემ აღნიშნა, რუსთაველის გამზირის პროტესტის მონაწილეებმა მას დაავალეს, რომ ეს საკითხი ყველა პოლიტიკურ პარტიასთან განიხილოს.

„უკვე 147 დღეა, რაც პროტესტის ნიშნად რუსთაველის გამზირი გადაიკეტა და იქ ხალხი არა მხოლოდ იმით არის დაკავებული, რომ გადაკეტოს რუსთაველის გამზირი, არამედ ფიქრობს ამ ქვეყანაზე, რა გვეშველება საერთოდ. იქ იკრიბება ძალიან ბევრი ბევრად ჭკვიანი და პატრიოტი ადამიანი, ვიდრე პარლამენტში სხედან, ვისაც გული შესტკივა საქართველოს ევროპულ მომავალზე, ფიქრობენ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა დავიხსნათ ამ მავნებლებისგან, როგორ ჩავატაროთ არჩევნები. ჩვენ უკვე ერთმანეთს ვიცნობთ და ერთმანეთთან საუბრის დროს მოდის საღი აზრები. გზის გადაკეტვა და პროტესტი თავის საქმეს აკეთებს ქვეყნის შიგნით და გარეთ, მაგრამ საკმარისი არ არის, ამიტომ წინადადება შემოვიდა დღეს, რომლის გაჟღერებაც მე დამავალეს. ვის უნდა მოვთხოვოთ ახალი არჩევნების ჩატარება, არალეგიტიმურ მთავრობას, რომელიც არ აგვირჩევია? თავისი თავი დაისახელეს, დაინიშნეს და ახლა გვიჭერენ და გვაჯარიმებენ. ამიტომ არავითარი მოთხოვნა არჩევნების ჩატარებაზე. ჩვენ თვითონ უნდა ჩავატაროთ ლეგიტიმური არჩევნები სექტემბერში, გვყავს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის სახელით, რომელმაც შეიძლება, დანიშნოს ეს არჩევნები, გვყავს პოლიტიკური პარტიები, რომლები მიიღებენ ამაში მონაწილეობას, სექტემბრამდე კიდევ ჩამოყალიბდება ახალი პარტიები, უნდა შევქმნათ ცესკო“, – აღნიშნა ბურჭულაძემ.

ბურჭულაძის თქმით, წინააღმდეგი არ არიან, მათ დანიშნულ არჩვენებში „ქართულმა ოცნებამაც“ მიიღოს მონაწილეობა.

„ჩვენ უფრო მეტი ლეგიტიმაცია გვაქვს არჩევნების ჩასატარებლად, ვიდრე „ქართულ ოცნებას“. მათ საეროდ არ აქვთ არავითარი ლეგიტიმაცია, არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. რას ვეხვეწებით მათ არჩევნების ჩატარებას? უკანონოდ ჰყავთ დატყვევებული ჩვენი ახალგაზრდები და კიდევ ამით ვაჭრობას აპირებენ. რუსთაველის გამზირი ჰქვია ყოველ საღამოს ჩვენს შეხვედრას, ჩვენ თავს დავარქვით რუსთაველის გამზირი და მე რადგან ვიცნობ ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერს და წევრებს, დამავალეს, შევხვდე მათ და ერთად განვიხილოთ ეს საკითხი. დარწმუნებული ვარ, ეს აზრი ყველას მოეწონება, რადგან ახალი არჩევნები გარდაუვალია, სხვანაირად ქვეყანა მიემართება უფსკრულში. არჩევნებზე რომ 50% მოვიდეს, ამის ყველანაირი შანსი გვაქვს, რადგან 85 %-ს უნდა ევროპისკენ. ამ არჩევნებზე გამოცხადება იქნება 50%-ზე მეტი და ეს იქნება ლეგიტიმური არჩევნები. „ოცნებამაც“ მიიღოს მონაწილეობა, წინააღმდეგი კი არ ვართ, რამდენ დეპუტატსაც გაიყვანენ, გაიყვანონ. ეს არჩევნები უნდა იყოს როგორც საპარლამენტო, ასევე ადგილობრივი, სექტემბრის ბოლო კვირა ან მეორე ნახევარი, ეს უკვე პრეზიდენტმა გადაწყვიტოს“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.