პაატა ბურჭულაძე - 4 ოქტომბერი ხალხში ისეა გამჯდარი, რომ მე ვიქნები თუ არ ვიქნები, 4-ში ხალხი ხელისუფლებას დაიბრუნებს
პაატა ბურჭულაძე - 4 ოქტომბერი ხალხში ისეა გამჯდარი, რომ მე ვიქნები თუ არ ვიქნები, 4-ში ხალხი ხელისუფლებას დაიბრუნებს

ლევან ხაბეიშვილი ყველაზე აქტიური იყო, მთელი ჩვენი ინფორმაცია „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიჰქონდა, მურთაზ ზოდელავას – „ახლებში“. რადგან ლევანი დააკავეს, „ნაციონალურ მოძრაობას“ „რუსთაველის გამზირის“ გეგმები გავაცანი, – ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სტუმრის სტატუსით დაესწრო.

მისი თქმით, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი რეჟიმს საკადრის პასუხს გასცემს და ყველაფერი ოთხშივე დასრულდება.

„ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ლევან ხაბეიშვილი იყო. ლევანს მთელი ჩვენი ინფორმაცია „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიჰქონდა. ასევე იყო მურთაზ ზოდელავა, რომელსაც ინფორმაცია „ახლებში“ მიჰქონდა, ისიც დაკავებულია. ასევე, „ლელოს“ წარმომადგენელი იქნება თუ გახარიასი, რომლებიც დღესაც ჩვენთან ერთად არიან. რადგან ლევანი დააკავეს, „ნაციონალურ მოძრაობას“ „რუსთაველის გამზირის“ გეგმები გავაცანი. შეხვედრები სხვა პარტიებთანაც მექნება. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ლევანი აბსურდულ თემაზეა დაჭერილი. ამ ბრალდებით ბიძინა ივანიშვილი უკვე დიდი ხნის დაკავებული უნდა იყოს, ხუთი მილიონის დაპირებით ყველა სოფელში. ეტყობა, რაღაც დამძიმება უნდათ და ასაფეთქებელი ნივთიერება მოიგონეს. ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. ჩანს, რომ რეჟიმი აბსოლუტურად უსუსურია და აღარ იცის, რა ქნას. 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი მათ საკადრის პასუხს გასცემს და ყველაფერი ოთხშივე მორჩება“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

კითხვაზე, ელოდება თუ არა დაპატიმრებას, პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ „ყველაფერი შესაძლებელია“.

„ყველაფერია მოსალოდნელი, ვნახოთ. 4 ოქტომბერი ხალხში უკვე ისეა გამჯდარი, ამ მთავრობის იმხელა ბრაზი აქვთ, რომ მე ვიქნები, თუ არ ვიქნები, თუ სხვა იქნება, უკვე ყველამ ვიცით, რომ 4-ში ხალხი ხელისუფლებას დაიბრუნებს“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.