პაატა ბაირახტარი - რუსეთიდან საქართველოში ტურისტების მოზიდვაზე სატრანზიტო ფრენების სუბსიდირება არ უნდა იყოს განხილული როგორც გრძელვადიანი პერსპექტივა
პაატა ბაირახტარი - რუსეთიდან საქართველოში ტურისტების მოზიდვაზე სატრანზიტო ფრენების სუბსიდირება არ უნდა იყოს განხილული როგორც გრძელვადიანი პერსპექტივა

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი რუსეთიდან საქართველოში ტურისტების მოზიდვაზე სატრანზიტო ფრენების სუბსიდირებას დადებითად აფასებს.

პაატა ბაირახტარი ფიქრობს, რომ ქვეყანაში დანაკარგები უნდა შეივსოს და გამოსავალი სწორედ სუბსიდირებაშია, თუმცა ეს არ უნდა განიხილებოდეს გრძელვადიან პერსპექტივაში.

,,სუბსიდირება თავისი არსით არ არის კარგი მდგომარეობით განპირობებული ქმედება. როდესაც რაღაც მიმართულებით სუბსიდირებას ვახდენთ, ესე იგი, გვაქვს გარკვეული პრობლემები და ამ პრობლემების დასაძლევად იყენებენ სუბსიდირებას. სუბსიდირება არ უნდა იყოს განხილული როგორც გრძელვადიანი პერსპექტივა. რაც შეეხება უშუალოდ პროცესს, ლოკალურად რომ ვისაუბროთ საკითხზე, რეალობა არის ის, რომ ტურისტული სეზონი ჩავარდნის პირას დგას და ერთადერთი, რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ ეს არის ის, რომ, რაც შეიძლება მალე მოხდეს იმ დანაკარგების მინიმიზირება, რომელსაც ველოდებით. ასეთ რეალობაში ამ მიმართულებით სუბსიდირება იყო გონივრული“, – განაცხადა პაატა ბაირახტარმა.

მისივე თქმით, ამჟამად რუსულ ბაზარზე აქცენტირება იმიტომ ხდება, რომ პრობლემა ამ მიმართულებითაა.

„მოვისმინე მოსაზრებები, რომ რატომ მაინცდამაინც რუსული ბაზარი და არა სხვა. რუსული ბაზარი იმიტომ, რომ პრობლემა ამ მიმართულებით გვაქვს. ცნობადობის თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ეს ბაზარი ჩვენთან უფრო ახლოს არის. თუ სხვა ბაზარზე გვჭირდება საიმიჯო კამპანიების განთავსება, რომ დავაინტერესოთ ტურისტი, შემდგომში შეგვიძლია, ვიფიქროთ სუბსიდირებაზე ამ მიმართულებით. გრძელვადიან პერსპექტივაში რუსულ ბაზარზე აქცენტის გაკეთება რასაკვირველია, მცდარია და ორი აზრი არ არსებობს მოკლევადიან პერსპექტივაში. ეს გადაწყვეტილება იყო სწორი“, – განაცხადა პაატა ბაირახტარმა.