პაატა ბაირახტარი ლარის კურსის ვარდნას ეკონომიკის სეზონურობას უკავშირებს 
პაატა ბაირახტარი ლარის კურსის ვარდნას ეკონომიკის სეზონურობას უკავშირებს 

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი ლარის კურსის ვარდნას საქართველოს მაკროეკონომიკურ პრობლემებსა და ქვეყნის ეკონომიკის სეზონურობას უკავშირებს.

მისი შეფასებით, უმჯობესია, ლარის გაუფასურების რეალურ მიზეზებზე გაკეთდეს აქცენტი.

„უკვე ერთი თვეა, ლარი გაუფასურებას განაგრძობს და ტრადიციულად, ამას ყველა სრული უმოქმედობითა და აბსურდული არგუმენტებით პასუხობს. ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული არგუმენტია მეზობელი და მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების დევალვაცია, რომლებიც, როგორც გრაფიკებზეც ვხედავთ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ან მყარდებიან, ან სტაბილურობას ინარჩუნებენ დოლართან მიმართებაში. სინამდვილეში, ჩვენ გვაქვს ჩვეულებრივი მაკროეკონომიკური პრობლემები, რომელიც ჩვენი ეკონომიკის სეზონურობიდან გამომდინარეობს“, – განაცხადა ბაირახტარმა.

მისი თქმით, სხვადასხვა მაჩვენებელი შემცირებულია, რაც საბოლოო ჯამში ლარის კურსის ვარდნას იწვევს.

„მაგალითად, უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი მთავარი წყარო ექსპორტი, აგვისტოს თვესთან შედარებით, სექტემბერში 304 მლნ დოლარით არის შემცირებული. ტურიზმიც კლების ტენდენციით ხასიათდება, ფულადი გზავნილები მართალია, მცირედით, მაგრამ მაინც შემცირებულია სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით. თუ ამ ყველაფერს დავამატებთ ბიუჯეტის ათვისებასაც, რომლის მიხედვითაც აგვისტოს თვეში მაგალითად ინფრასტრუქტურული პროექტების მხოლოდ 34 პროცენტი იყო ათვისებული, საკმაოდ ნათელ სურათს ვიღებთ, თუ რატომ უფასურდება ლარი“, – განაცხადა ბაირახტარმა.

მისი თქმით, პრობლემები უფრო მარტივად გადაიჭრება, თუ ყველა სიმართლეს გაუსწორებს თვალს.

„ჩვენს მეზობლებზე გადაბრალებას, სჯობს, დავსხდეთ და სიმართლეს გავუსწოროთ თვალი, ასე უფრო ადვილი იქნება პრობლემის გადაჭრა“, – აღნიშნა ბაირახტარმა.