ოზურგეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
ოზურგეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. სპეციალურმა კომისიამ მუშაობა უკვე დაიწყო. უამინდობის გამო, მდინარეები ნატანები და ბჟუჟი ადიდდა. უხვი ნალექის შედეგად, დაზიანდა სახიდე გადასასვლელები, გზის სავალი ნაწილები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლის ეზოები, წაღებულია საყანე ფართობები და საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი, დახოცილია შინაური ფრინველი.
პრობლემები შეიქმნა სოფლებში – შემოქმედი, გომი, წითელმთა, ბახვი, ვაკიჯვარი, ბოხვაური და ცხემლისხიდი. დაიტბორა ოზურგეთის ქუჩებიც.
„უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა ბევრი უბანი. ადიდებულმა მდინარეებმა დატბორეს საკარმიდამო ნაკვეთები. სამუშაო ჯგუფები დილიდან არიან გასულები პრობლემურ ადგილებზე და ახლაც მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები“,- განაცხადა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, თემურ გიორგაძემ.