ოზურგეთში საზეიმო ღონისძიებები​ კონცერტითა და ფეიერვერკით დასრულდება
ოზურგეთში საზეიმო ღონისძიებები​ კონცერტითა და ფეიერვერკით დასრულდება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილე ოზურგეთშიც აღინიშნება.

გურიის გუბერნატორმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

„100 წელი გავიდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან. ეს იყო მაშინ ჩვენი წინაპრების თავდაუზოგავი ბრძოლის, თავდადების შედეგი. ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს, დავიცვათ, გავაძლიეროთ და გავამთლიანოთ სამშობლო!” – განაცხადა ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩიამ.

ოზურგეთში დილიდანვე მიმდინარეობს კულტურულ-სპორტული ღონისძიებები, მძიმე ტექნიკისა და იარაღების გამოფენა. ჭადრების ბაღში საბავშო კუთხეებია მოწყობილი, ანიმატორები, თოჯინების თეატრის სპექტაკლები პატარა მაყურებლებს ელოდება. არის შემეცნებითი სივრცე, თექის, ხალხური რეწვის ნიმუშებისა და წიგნების გამოფენა.

ღონისძიებები ოზურგეთში კონცერტითა და ფეიერვერკით დასრულდება.