ოზურგეთში პროექტის „მოგზაურობა ოზურგეთში“ დასკვნითი პრეზენტაცია გაიმართა
ოზურგეთში პროექტის „მოგზაურობა ოზურგეთში“ დასკვნითი პრეზენტაცია გაიმართა

ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პროექტის „მოგზაურობა ოზურგეთში“ დასკვნითი პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციაზე აჩვენეს 14 ვიდეორგოლი, რომელთა თემატიკა ოზურგეთში მდებარე ძეგლები და საოჯახო სასტუმროებია.

პროექტის მიზანი არის უცნობი ტურისტული რესურსების აღმოჩენა, მათი პოპულარიზაცია და საზოგადოებისა და დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის დაზუსტებული ტურისტული მარშრუტების მიწოდება.

„მსგავსი აქტივობები ხელს შეუწყობს, რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას და მის ეკონომიკურ გაძლიერებას. მცირე განთავსების ობიექტების ბიზნესის წამოწყება და მისი განვითარება ადგილობრივ მოსახლეობას დაეხმარება, გაიუმჯობესოს საკუთარი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. მოახდინოს ადგილზე წარმოებული პროდუქტის რეალიზება და პოპულარიზაცია“, – განაცხადა პროექტის დირექტორმა გიორგი გირკელიძემ.

პროექტს „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის“ ევროკავშირი აფინანსებს. იგი გურიის რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტს ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან – სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტსა და ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრ „პროგრესის სახლთან“ ერთად ახორციელებს.