ოზურგეთში კაიაკინგის ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპი გაიხსნა
ოზურგეთში კაიაკინგის ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპი გაიხსნა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, სპორტის ექსტრემალური სახეობის, კაიაკინგის ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპი (Bzhuzha Race) გაიხსნა, რომელშიც ცხრა ქვეყნის 60-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.

საზეიმო გახსნა სოფელ შემოქმედის პარკში გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში, ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია მიესალმნენ.

„ჩემპიონატს ოზურგეთი წელს მეოთხედ მასპინძლობს. ორმაგად სასიხარულოა, რომ წელს შეჯიბრში მონაწილეობას ქართველი სპორტსმენებიც მიიღებენ. გვყავს უამრავი სტუმარი სხვადასხვა ქვეყნიდან, ეს კი ხელს შეუწყობს, როგორც გურიის რეგიონის, ისე ოზურგეთის და ბჟუჟის ხეობის ცნობადობის გაზრდას. ამით ჩვენი ულამაზესი სოფელი შემოქმედი ტურისტებისთვის მეტადფ მიმზიდველი გახდება”, – აღნიშნა კონსტანტინე შარაშენიძემ.

ექსტრემალური შეჯიბრებები 9 და 10 მაისს გაიმართება. გათამაშდება ევროპის თასიც.

ჩემპიონატის ორგანიზატორები არიან: საქართველოს „კაიაკინგის” საერთაშორისო ფედერაცია, გურიის სამხარეო ადმინისტრაცია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის – სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა განყოფილება.