ოზურგეთში ფქვილის გადამამუშავებელი საწარმოს თანამშრომლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ოზურგეთში ფქვილის გადამამუშავებელი საწარმოს თანამშრომლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ოზურგეთში ფქვილის გადამამუშავებელი საწარმოს „გურია ექსპრესის“ თანამშრომლების საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები ხელფასების მომატებას, ჯანმრთელობის დაზღვევას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

საწარმოში დასაქმებულები ადმინისტრაციის მიერ მათ მიმართ დამამცირებელ მოპყრობაზეც საუბრობენ.

გაფიცულებს დღეს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლები შეხვდნენ და მათ მხარდაჭერა აღუთქვეს.

„გურია ექსპრესის“ თანამშრომლებმა თავიანთი უფლებების დაცვის მიზნით, ადვოკატი უკვე აიყვანეს. ისინი კომპანიასთან სამართლებრივი დავის დაწყებას არ გამორიცხავენ და მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებამდე სამუშაო პროცესის განახლებას არ აპირებენ.

კომპანია „გურია ექსპრესის“ იურისტი, აკაკი თოიძე აცხადებს, რომ აქციის მონაწილეთა მოთხოვნები საწარმოს ადმინისტრაციისთვის ცნობილია და ამ დროისათვის მათი უმრავლესობაც გადაჭრილია. რაც შეეხება ხელფასების მომატებას, იურისტის თქმით, საკითხი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.