ოზურგეთში ექადიის უბნის მცხოვრებლები ალუმინის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას აპროტესტებენ
ოზურგეთში ექადიის უბნის მცხოვრებლები ალუმინის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას აპროტესტებენ

ოზურგეთში, ექადიის უბანში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები ალუმინის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას აპროტესტებენ და ირწმუნებიან, რომ მისი მუშაობა მათ ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის.

ისინი ხელისუფლებას პრობლემის გადაჭრას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციების მოწყობას გეგმავენ.

„თუ ხელისუფლება ქარხანას მუშაობის ნებას მისცემს, მაშინ სხვა გზა აღარ დაგვრჩება, ბენზინს მოვიტანთ და აქაურობას დავწვავთ“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ადგილზე არ გამოჩენილან თავად საწარმოს, შპს „არერსა მეთალის“ წარმომადგენლები.

მოსახლეობასთან აქციაზე მოვიდა უბნის მაჟორიტარი დეპუტატი დავით მდინარაძეც.

„ვფიქრობ, მოსახლეობის პროტესტი სამართლიანია. მსგავსი ფუნქციის ქარხნის აშენება მჭიდრო დასახლებაში ნამდვილად გამოიყურება საფრთხის შემცველად. ჩვენ მომდევნო კვირაში საწარმოს წარმომადგენლებთან შეხვედრას დავგეგმავთ, სადაც მოსახლეობის ინტერესებს მაქსიმალურად გავატარებთ“, – განაცხადა დავით მდინარაძემ.

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოს“ თავმჯდომარის, ირმა გორდელაძის თქმით, საქმე საია-ს უკვე გადაეცა.

„აღნიშნულ საქმეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეისწავლის. ჩვენ ქარხნის აშენების წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვებას დავიწყებთ, სასამართლოში მინისტრის ბრძანებას გავასაჩივრებთ, რომლითაც საწარმოს მუშაობის ნება მიეცა და ასევე, არ შევწყვეტთ პერმანენტულ აქციებს“, – აცხადებს გორდელაძე.