ოზურგეთსა და ლანჩხუთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა
ოზურგეთსა და ლანჩხუთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ოზურგეთში. დაიტბორა მოსახლეობის ეზოები, საყანე ფართობები, განვითარდა მეწყერული პროცესები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები, სოფლებში შიდა გზები და ელექტროგადამცემი ხაზები.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ოზურგეთის მერიასთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში ჩართული იყო „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფები და გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

მერის წარმომადგენლები სოფლებში არსებულ ვითარებას დილიდან ადგილზე ეცნობიან და მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ელექტროენერგიის მიწოდება სოფლებში ნაწილობრივ აღდგენილია.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ლანჩხუთშიც. ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებულია შიდა გზები, ხიდები, მილხიდები, საცხოვრებელი სახლები, საყანე ფართობები. რამდენიმე ადგილას ჩამოწოლილია მეწყერი. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია შესაბამისი კომისია და მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

„ლანჩუთში რამდენიმე დღეა, გადაუღებლად წვიმს. შედეგად დატბორილია სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაზიანებულია შიდა გზები, ხიდები, ნაპირსამაგრები. რამდენიმე ადგილზე გვაქვს მეწყრული პროცესები. მუნიციპალიტეტში შექმნილია სპეციალური კომისია, ყველა სამსახური მობილიზებულია“, – განაცხადა ლანჩუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.