ოზურგეთში დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გამოძიება დაიწყო  
ოზურგეთში დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გამოძიება დაიწყო  

ოზურგეთში დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, ოზურგეთში სამართალდამცველებმა ჩვილი თხილის ბაღში მიტოვებული იპოვეს, რომელიც სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ დღეს გამთენიისას, უწყების გურიის პოლიციის დეპარტამენტში ოზურგეთის საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანეს მშობიარობის შემდგომი გართულებებით ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ჩვილი თან არ ჰყავდა.

„ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიულად დაადგინეს ახალგაზრდა ქალის საცხოვრებელი ადგილი და დაუყოვნებლივ გავიდნენ აღნიშნულ მისამართზე. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ჩვილი თხილის ბაღში მიტოვებული იპოვეს. ახალშობილი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ამიტომ პოლიციელებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე გამოიძახეს. ვიდრე მედიკოსები ადგილზე მივიდოდნენ სამართალდამცველებმა ბავშვს თავად აღმოუჩინეს პირველადი დახმარება“, – აღნიშნავენ შსს-ში.

სასწრაფო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-112-ე მუხლით მიმდიანარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.