გურიაში დიდთოვლობას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში მოხდა.
დაღუპულია ადგილობრივი მაცხოვრებელი, შუახნის მამაკაცი, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, მეზობლის დასახმარებლად წავიდა და ნგრევას ემსხვერპლა.
გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ურუშაძის განცხადებით, მომხდარის დეტალებს შესაბამისი სამსახურები სწავლობენ.
„სტიქიის პირველივე დღიდან გურიის რეგიონში შექმნილია საგანგებო შტაბი. ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში, რათა მაქსიმალურად დროულად და ეფექტურად იქნას გადაჭრილი ყველა ის პრობლემა, რომელიც დგას ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენი რეგიონის წინაშე. სამწუხაროდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში, უბედური შემთხვევის შედეგად, გარდაიცვალა მამაკაცი. შემთხვევის დეტალებს შესაბამისი სამსახურები სწავლობენ. ნამდვილად სამწუხარო ფაქტია და გულწრფელად თანავუგრძნობ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და სამძიმარს ვუცხადებ მათ“, – განაცხადა გიორგი ურუშაძემ.
ასევე, უამინდობის გამო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკათში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩაინგრა, სადაც 75 წლამდე მარტოხელა მამაკაცი ცხოვრობდა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდრე სარიშვილის ინფორმაციით, ამ დრომდე მამაკაცთან კომუნიკაცია ვერ მყარდება. მისივე თქმით, ხვალ დილით ტექნიკა გზის გასაწმენდად წავა, რომელსაც სამაშველო ჯგუფი გაჰყვება და მამაკაცის მდგომარეობის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ექნებათ.