ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვანს რეანომობილით ბათუმში გადაიყვანენ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვანს რეანომობილით ბათუმში გადაიყვანენ

მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში კატასტროფის ბრიგადას ელოდებიან.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, კვლევისა და მკურნალობის მიზნით, ექიმებმა ავარიისას დაშავებული ხუთ წლამდე ასაკის ბავშვის რეანომობილით ბათუმში გადაყვანა გადაწყვიტეს.

5 წლამდე ასაკის ბიჭი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა. ექიმების ინფორმაციით, მას თავის არეში აქვს ჭრილობა მიღებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.

რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულ დანარჩენ პირებს, საშუალო სიმძიმისაა 50 წლამდე ასაკის ქალის მდგომარეობა, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა. ექიმების ინფორმაციით, მას სახის ძვლების ტრავმა აქვს.

ასევე საშუალო სიმძიმისაა​ ​შუახნის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც თავის არეში არეში აღენიშნება ტრავმა.

მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში ასევე შეიყვანეს ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ერთი და ექვსი წლის ბავშვები, რომელთაც, ექიმების განცხადებით, ამბულატორიული დახმარება გაუწიეს. მათ სხეულის დაჟეჟილობა და უმნიშვნელო სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდათ. ორივე ბავშვმა საავადმყოფო უკვე დატოვა.

თვითმხილველების განცხადებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში მსუბუქი ავტომობილი ჯერ 50 წლამდე ასაკის ქალს დაეჯახა, რომელიც ბავშვს ეტლით ასეირნებდა, შემდეგ კი მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომობილი გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

მომხდარის შედეგად, ეტლში მყოფი მცირეწლოვანი ბავშვი არ დაზარალებულა. 50 წლამდე ასაკის ქალი კი საავადმყოფოშია მოთავსებული.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ადგილზე დაიღუპა ავტომობილში მჯდომი 13 წლის გოგო. საშუალო ასაკის ქალი და სამი ბავშვი კი დაშავდნენ.

ავტომობილში კიდევ ორი ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდა, რომელთაც სამედიცინო დახმარებაზე უარი განაცხადეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში 15 აპრილს, გვიან საღამოს მოხდა. დაწყებულია გამოძიება.