ოზურგეთის მერის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას ხმაური მოჰყვა
ოზურგეთის მერის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას ხმაური მოჰყვა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე შარაშენიძის მიერ საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენას სხდომაზე ხმაური მოჰყვა.

ოზურგეთის საკრებულოს წევრებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ მერი კორუფციასა და ნეპოტიზმში დაადანაშაულეს. მათ სხდომაზე ოზურგეთის მერის მიერ შევსებული დეკლარაციების ასლები წარადგინეს და განაცხადეს, რომ მერისა და მისი ოჯახის შესყიდვები მნიშვნელოვნად აღემატება დეკლარაციაში მითითებულ შემოსავლებს. ამასთან, მათ მერი ტექნიკის პირადი მიზნებით გაქირავებაში, პანდემიის დროს კანონდარღვევით წარმოებულ ტენდერებსა და უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებში დაადანაშაულეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ისინი გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

ოზურგეთის მერი აღნიშნულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. მერის განცხადებით, მისი საქმიანობა მუდამ კანონის დაცვით ხორციელდება და „მავანთა ბრალდები მას ხელს ვერ შეუშლის“.