ოზურგეთის მერი - მეწყრული პროცესების განვითარების გამო რამდენიმე ოჯახი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი, მუშაობს ცხელი ხაზი, ყველაფერს ვაკეთებთ მოსახლეობის დასახმარებლად
ოზურგეთის მერი - მეწყრული პროცესების განვითარების გამო რამდენიმე ოჯახი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი, მუშაობს ცხელი ხაზი, ყველაფერს ვაკეთებთ მოსახლეობის დასახმარებლად

სტიქიის ზონაში საგანგებო რეჟიმში მუშაობას ვაგრძელებთ, მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ ვითარებას დეტალურად ვეცნობით და ყველაფერს ვაკეთებთ მოსახლეობის დასახმარებლად, – ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სტიქიის ზონაში მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები.

„ადგილზე ჩვენთან ერთად იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამაშველო და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. სოფელ ჯუმათში ერთი ბავშვის ცხედარი იპოვეს და სოფელ სილაურში ერთი ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. თითქმის ყველა სოფელში იყო უხვი ნალექი, რის გამოც სხვადასხვა ტიპის დაზიანებებია. ყველგან გასულები არიან რწმუნებულები და მუშაობს ცხელი ხაზი – 577 601 304. აბსოლუტურად ყელა ოჯახში მივდივართ. მეწყრული პროცესები რამდენიმე სოფელში განვითარდა. საფრთხე სადაც იყო, მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილები, ასეთი რამდენიმე ოჯახია“, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში ორი ცხედარი იპოვეს, მაშველები კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ. შსს მოვუწოდებს რეგიონში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს.