ოთხი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატურები მინისტრს წარედგინა, ერთის კანდიდატურა სარეკომენდაციო საბჭოს გადაეგზავნება, ერთ თეატრში კონკურსი ჩაშლილად ცხადდება
ოთხი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატურები მინისტრს წარედგინა, ერთის კანდიდატურა სარეკომენდაციო საბჭოს გადაეგზავნება, ერთ თეატრში კონკურსი ჩაშლილად ცხადდება

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ ოთხ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატურები დასანიშნად მინისტრს წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ეს კანდიდატურებია: ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დიმიტრი ხვთისიაშვილის, თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხურ დრამატულ თეატრში არმენაკ ბაიანდურიანის, მესხეთის (ახალციხის) პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ნაზო სულუაშვილის, ხოლო თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში პაატა გულიაშვილის კანდიდატურა.

„ასევე, კულტურის სამინისტროს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სსიპ ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე დავით დოიაშვილის კანდიდატურის სარეკომენდაციო საბჭოს წინაშე განსახილველად წარდგენის შესახებ. გარდა ამისა, კულტურის სამინისტროს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სსიპ გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შერჩევის მიზნით გამოცხადებული კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების თაობაზე და მოცემულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე კონკურსი დღეს ხელახლა ცხადდება.

როგორც ცნობილია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თეატრებიდან, 21 თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა 2022 წლის 1 იანვარს ამოეწურა. აქედან გამომდინარე, 2021 წლის დეკემბრიდან, კულტურის სამინისტრომ სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად კონკურსი უკვე 15 თეატრში გამოაცხადა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის 12 იანვარს, კონკურსის შედეგად, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ვასილ ჩიგოგიძე, ხოლო გიორგი მიქელაძის სახელობის თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელად ნიკოლოზ საბაშვილი დაინიშნენ.

უწყების ცნობით, აღნიშნული პირები თეატრის ხელმძღვანელის პოზიციას „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 4 წლის ვადით დაიკავებენ.

„ამასთან, კულტურის მინისტრმა, პროფესიული თეატრების შესახებ საქართველოს კანონის მეათე მუხლის მერვე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიყენა დისკრეციული უფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ, უკონკურსოდ, დაენიშნა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ოთხი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელები: რეზო გაბრიაძის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი და მსახიობი ლევან გაბრიაძე, ჩრდილების პროფესიული სახელმწიფო თეატრ „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი, მსახიობი და დრამატურგი გელა კანდელაკი, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რობერტ სტურუა, ხოლო გრიბოედოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ავთანდილ ვარსიმაშვილი დაინიშნენ“, – აღნიშნულია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი