ოთხი ერი ორი თრილერით დასრულდა | რაგბი ჩემფიონშიფი [ვიდეო]
10:10, 07.10.2018
სამხრეთ ნახევარსფეროში, წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სარაგბო ტურნირი, „რაგბი ჩემფიონშიფი“ დასრულდა.
ფინალური ტურის შეხვედრებში ახალი ზელანდია სამხრეთ აფრიკას, ხოლო ავსტრალია კი არგენტინას სტუმრობდა.
დღის პირველ შეხვედრაში, სამხრეთ აფრიკელებს შესანიშნავი შანსი ჰქონდათ, რომ მსოფლიოს პირველი გუნდი ზედიზედ მეორედ დაემარცხებინათ. დაპირისპირების დასრულებამდე 18 წუთით ადრე მასპინძლები 17 ქულას იგებდნენ, თუმცა „შავებმა“ კვლავ დაამტკიცეს, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი სწორედ ახალი ზელანდიაა და მატჩის დამთავრებამდე მეტოქეს სამი ლელო დაუდეს.
საბოლოო ანგარიში 30-32 ახალ ზელანდიელთა სასარგებლოდ.
არანაკლებ საინტერესო და დაძაბული გამოდგა ტურნირის ბოლო შეხვედრა, სადაც ორი განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ. არგენტინელებმა შეხვედრა ძალიან კარგად დაიწყეს და პირველი ტაიმის შემდეგ 31-7 იგებდნენ.
დაპირისპირების მეორე ნახევარში ავსტრალიამ საოცარი თამაში აჩვენა და საბოლოო ჯამში 45-34 გაიმარჯვა.