საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში, პროდ2-ში მოთამაშე ქართველმა მარბიელმა, ოთია გიორგაძემ, მეშვიდე ტურის შეხვედრაში ლელო დადო.
„ბრივი“, რომლის რიგებშიც გიორგაძესთან ერთად ვასილ ლობჟანიძეც ირიცხება, შალვა სუთიაშვილის „ანგულემს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 31-18 დაამარცხა.
შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და წითელი ბარათი სამმა მორაგბემ დაიმსახურა.
ქართული ლელო დაპირისპირების მეცხრე წუთზე დაიდო. „ბრივის“ მგეზავმა, სტუარტ ოლდინგმა „ანგულემის“ ხაზი კარგად გაჭრა და რამდენიმე მოწინააღმდეგე ცრუ მოძრაობებით ჩამოიცილა. ამის შემდეგ ბურთი ოთია გიორგაძეს ჩაუვარდა ხელში, რომელმაც კონტაქტით ორი მეტოქე მოიცილა და შეხვედრის პირველი ლელო დადო.
შვიდი ტურის შემდეგ „ბრივის“ ანგარიშზე 23 ქულაა და კლუბი სატურნირო ცხრილში მხოლოდ „მონ დე მარსანს“ ჩამორჩება.
საგულისხმოა, რომ პროდ2-ის მეშვიდე ტურში ეს მეორე ქართული ლელოა. პირველი ლელო ორიოდ დღის წინ გიორგი ცუცქირიძემ დადო. ცუცქირიძის და შარიქაძის „ორიაკი“ „მონტობანს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 28-15 დაამარცხა.
გიორგიმ ლელო შეხვედრის მე-20 წუთზე დადო. ქართველმა მესამე ხაზელმა ბურთი 22 მეტრიან ხაზთან მიიღო და ძელებს შორის დაამიწა.
„ორიაკი“ 13 ქულით მე-12 ადგილზეა.
„ტოპ 14“-ში სადებიუტო ლელო დადო ქართველმა შემკვრელმა, ბექა გორგაძემ, რომელიც ტრავმიდან სულ მცირე ხნის წინ დაბრუნდა. მისი „ბორდო“ „გრენობლს“ დაუპირისპირდა და ბექამ თავი 48-ე წუთზე გამოიჩინა. „ბორდო“-მ მატჩი მცირე ანგარიშით – 28-25 დათმო. გორგაძის გუნდი, შვიდი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მერვე ადგილს იკავებს.