ოთარ თოიძე - მიხეილ სააკაშვილის ვეგეტატიური ნერვიული სისტემა გვაძლევს სიგნალს, რომ მისი რესურსი თანდათან იწურება
ოთარ თოიძე - მიხეილ სააკაშვილის ვეგეტატიური ნერვიული სისტემა გვაძლევს სიგნალს, რომ მისი რესურსი თანდათან იწურება

მიხეილ სააკაშვილის ვეგეტატიური ნერვიული სისტემა გვაძლევს სიგნალს, რომ მისი რესურსი თანდათან იწურება, – ამის შესახებ ექიმმა ოთარ თოიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც ოთარ თოიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ენცეფალოპათიური სინდრომები განიცდიან პროგრესისრებას და სიცოცხლის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით გამოვლინდებიან ვეგეტატიური სისტემის მოშლით.

„შიმშილობის ასეთი ხანგრძლივობა მსოფლიოს ლიტერატურაში ერთეულებით არის აღწერილი და ცნობილია, რომ მე-20, 30-ე დღის ჩათვლით, პაციენტის მდგომარეობა იმდენად უარესდება, რომ შიმშილობის გაგრძელება ხდება შეუძლებელი ან ისინი იღუპებიან. ვეგეტატიური სისტემა, სადაც ენერგეტიკული მამოძრავებელი, ის, რაც ჩვენს ტვინს აძლევს საშუალებას, რომ გადაწყვიტოს სხვადასხვა ამოცანა, ეს წყდება ლოკალურ ადგილებში, მაგრამ ვეგეტატიური ნერვიული სისტემა ამას ყველაფერს უკეთებს ორკესტრირებას და ანაწილებს ამ ფუნქციებს ისე, როგორც სჭირდება ორგანიზმს გარკვეულ სიტუაციაში. მისი ვეგეტატიური ნერვიული სისტემა დაზიანებულია და უცხოელი ექიმის ერთ-ერთი შენიშვნა სწორედ ის იყო, რომ საჭიროა, სუდამეტორული ვეგეტატიური ტესტის ჩატარება, რომელიც საქართველოში არ კეთდება. სხვა ვეგეტატიური სინდრომი ყველა დადებითი უარყოფითი თვალსაზრისით, არის დადებითი, ყველაზე მეტად გამოვლინდება არტერიული წნევის მერყეობა, ვერ მოხდა მისი წნევის დასტაბილურება, იყო ჰიპერტონიული კრიზები, კოლაფსები. წნევის ვარდნა კატასტროფულად ხშირად მესმის, ზოგს გულყრა ჰგონია, მაგრამ ეს არ არის გულყრა, ეს არის გონების კარგვის ვეგეტატიური შეტევები, ტემპერატურის ცვალებადობა, სადაც არ გამოვრიცხავ, რომ ვეგეტატიური სისტემას აქვს თავისი წვლილი, ვინაიდან ის არის ტემპერატურის რეგულაციის მთავარი ცენტრი, თუმცა არ გამოვრიცხავთ ინტოქსიკაციურ და ტოქსიკურ აგენტებსაც, მაგრამ ვეგეტატიკა მონაწილეობს. ეს არის შარდვის პრობლემები, ხშირი შარდვა და კიდევ სხვა რაღაცა. ასე რომ, ვეგეტატიური ნერვიული სისტემა გვაძლევს სიგნალს, რომ მისი რესურსი თანდათან იწურება“, – განაცხადა ექიმმა.

ადვოკატის კითხვაზე, პრობლემა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს, არის თუ არა შიმშილობასთან კავშირში, ექიმმა აღნიშნა: „შიმშილობა არ წარმოადგენს რაღაც ნეიტრალურ აქტს და პირველ რიგში მოქმედებს ორგანიზმის როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ვეგეტატიურ ნერვიულ სისტემაზე და ამ სისტემებს უწევთ მუშაობა უკიდურესად დაძაბულ მდგომარეობაში, აღდგენითი პროცესების დარღვევის შემთხვევაში“.