ოთარ შარიქაძე - სამშენებლო ინდუსტრიასა და სოფლის მეურნეობას აქვს პოტენციალი, იმპორტის გარკვეული ნაწილი ჩაანაცვლოს
ოთარ შარიქაძე - სამშენებლო ინდუსტრიასა და სოფლის მეურნეობას აქვს პოტენციალი, იმპორტის გარკვეული ნაწილი ჩაანაცვლოს

სამშენებლო ინდუსტრიასა და სოფლის მეურნეობას აქვს პოტენციალი, რომ იმპორტირებული პროდუქციის გარკვეული ნაწილი ადგილზე აწარმოოს. იმპორტის 100 პროცენტით ჩანაცვლება შეუძლებელია, მაგრამ თუ ადგილობრივ ბიზნესს მხარდაჭერა ექნება, იმპორტის შემცირება თავისუფლად შეიძლება, –  ამის შესახებ საბანკო და საინვესტიციო აქტივების კომპანია „გალტ ენდ თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევის პირველი ეტაპი განიხილეს, რომელსაც კომპანია მთავრობის დაკვეთით ასრულებს. კვლევის მიზანია შეისწავლოს, რამდენად აქვს ადგილობრივ წარმოებას იმპორტის ჩანაცვლების შესაძლებლობა.

შარიქაძის განმარტებით, კვლევის პირველმა ეტაპმა აჩვენა, რომ ქვეყანაში ორ დიდ ინდუსტრიას – სამშენებლო სექტორსა და სოფლის მეურნეობას იმპორტის გარკვეულწილად ჩანაცვლების პოტენციალი ნამდვილად გააჩნია.

„იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანა არის იმპორტტევადი, ანუ რეალურად ყოველწლიურად 9 მილიარდი დოლარის იმპორტს ვაწარმოებთ, გაჩნდა კითხვა, რამდენად შეგვიძლია, საქართველოში ვაწარმოოთ ის, რაც ამ იმპორტის ჩანაცვლებას შეძლებს. კვლევის შემდეგ ეტაპზე ვისაუბრებთ ექსპორტზე. ჩატარებული ანალიზის შედეგად აღმოვაჩინეთ და გასაკვირი არც იყო, რომ ორი დიდი სექტორი, როგორიც არის სამშენებლო ინდუსტრია და იქ მოხმარებული მასალები და სოფლის მეურნეობა ქვეყანაში არის ძალიან იმპორტტევადი და განვითარებული. აქედან გამომდინარე, გავყევით ამ ორ დიდ სექტორს, დავედით პროდუქტების ტიპებამდე და აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ ქვეყანაში გვაქვს რესურსი, ამ პროდუქციის გარკვეული ნაწილი ჩავანაცვლოთ ანუ ადგილზე ვაწარმოოთ. საუბარი არ არის იმპორტის 100 პროცენტით ჩანაცვლებაზე, ამის იმედი არ უნდა გვქონდეს, უბრალოდ რაც უფრო მეტი იწარმოება ადგილზე, მით მეტად დავუდგებით მხარში ადგილობრივ ბიზნესს და ნაკლები დოლარი დაგვჭირდება იმპორტისთვის“, – განაცხადა შარიქაძემ.

მისი მოსაზრებით, შემდეგ ეტაპზე სავარაუდოდ ადგილობრივ კომპანიების თავმოყრა და მოლაპარაკებები შედგება.

„ალბათ, შემდეგ ეტაპზე უკვე საჭირო იქნება ამ ინდუსტრიაში არსებული ქართული კომპანიების შეკრება და მათთან კომუნიკაცია. მინდა, აღვნიშნო, რომ როცა მედიაში გავიდა ინფორმაცია, რომ ამ კვლევაზე ვმუშაობდით, საკმაოდ პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. რამდენიმე ქართული დიდი კომპანია უკვე დამიკავშირდა და გამოთქვეს მზაობა, თუ მთავრობის მხრიდან გარკვეული მხარდაჭერა იქნება, ჩვენ მზად ვართ, არამარტო გავზარდოთ დღეს არსებული პროდუქცია, არამედ პროდუქციის გამაში დავიმატოთ სხვადასხვა პროდუქტი. ასე რომ, არის გარკვეული კატეგორიის პროდუქტები, რომლის წარმოებაც ამ ეტაპზე რეალურად შეგვიძლია. უბრალოდ ამ ეტაპზე ამ კომპანიებთან კომუნიკაციაა საჭირო, რომ მოხდეს მათი წახალისება“, – განაცხადა ოთარ შარიქაძემ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“.