ოთარ შამუგიას პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ
ოთარ შამუგიას პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიას საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. შამუგიამ სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგები შეაჯამა და არსებულ გამოწვევებზე, გადაჭრის გზებსა და სამინისტროს ხედვებზე ისაუბრა.

„მნიშვნელოვანი იქნება იმ საკითხების განხილვა, რომელმაც როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ასევე ჩვენთვის გააჩინა ახალი დღის წესრიგი. ამ მოცემულობის სამწუხარო მიზეზები ყველა ჩვენგანისთვის ცნობილია – 2019 წლიდან მომდინარე პანდემია და დღეისათვის კი, რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის ურთულესი გამოწვევაა. ჩვენ არაერთი ომი და ძალადობა გამოვიარეთ, ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და გვყავს ასობით ათასი დევნილი. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველაზე მეტად ვგრძნობთ უკრაინელი ხალხის ტკივილს და შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ მათ მხარდასაჭერად. საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან, პატივს მივაგებ ყველა დაღუპულის ხსოვნას. მთავარი მიზანი, რაც, ვფიქრობ, ყველას გვაერთიანებს არის ის, რომ ჩვენმა მომავალმა თაობებმა, ჩვენმა შვილებმა მშვიდობიან, ცივილურ, განვითარებულ და თავისუფალ სამყაროში უნდა იცხოვრონ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება უმნიშვნელოვანესი ეტაპია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და, შესაბამისად, დაწყებული რეფორმების წარმატებით განხორციელება გარდაუვალი პროცესია.

„დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მომენტია ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის. საქართველომ განაცხადი გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე და ჩვენ დავინახეთ ევროკავშირის მხრიდან უმოკლეს ვადებში კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილება. საქართველოს უკვე გადმოეცა კითხვარი, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი შეაფასებს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს  ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ ჩვენმა უწყებამ უდიდესი შრომა გასწია 2014 წლიდან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.