ოთარ შამუგია - ვფიქრობთ, შესაძლებელი იქნება, რამდენიმე წელიწადში, ქვეყანაში ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 15-დან 50%-მდე გავზარდოთ
ოთარ შამუგია - ვფიქრობთ, შესაძლებელი იქნება, რამდენიმე წელიწადში, ქვეყანაში ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 15-დან 50%-მდე გავზარდოთ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე, ქვეყნის სურსათით მომარაგების საკითხებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დღეს, ქვეყანაში კვების პროდუქტის მარაგების და მომარაგების კუთხით პრობლემა არ არსებობს.

„ჩვენ გვაქვს, ფაქტობრივად, ყოველდღიური კომუნიკაცია იმპორტიორებთან და ვაწარმოებთ პროცესის სრულ მონიტორინგს; რის საფუძველზეც, შემიძლია გითხრათ, რომ სურსათით მომარაგების კუთხით, ამ ეტაპზე, შეფერხებები არ გვაქვს. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ დავეხმაროთ ბიზნესს ალტერნატიულ ბაზრებზე წვდომაში. თუმცა, არსებულმა ვითარებამ დაგვანახა, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებით თვითუზრუნველყოფის მიმართულებით უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო; სწორედ ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, პირველ რიგში, მარცვლეულის წარმოების ზრდის ხელშეწყობისთვის საჭირო ღონისძიებების შემუშავებაზე და ძალიან მალე დარგის წარმომადგენლების და  მეცნიერების ჩართულობით  წარმოვადგენთ პროგრამას რომელიც სტიმულს მისცემს ქვეყანაში მარცვლეულის წარმოების მნიშვნელოვან ზრდას. ვფიქრობთ, შესაძლებელი იქნება, რამდენიმე წელიწადში, ქვეყანაში  ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი გავზარდოთ 15-დან 50%-მდე და ჩვენ, ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების ზრდისთვის ხელშეწყობა.

„ჩვენ, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ფერმერებს დავუფინანსებთ საბრუნავი სახსრებისთვის აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთს ოდენობით. თუმცა, აქაც კარგად გვესმის, რომ სესხი ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი მცირემიწიანი ფერმერებისთვის და მათ საწვავზე, სასუქებზე და პესტიციდებზე ფასების ზრდის პირობებში, სჭირდებათ მხარდაჭერა. ამაზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და, უახლოეს პერიოდში, წარმოვადგენთ დახმარების პაკეტს, რომელიც გარკვეულწილად დაეხმარება ფერმერებს პროდუქციის მოყვანისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსებაში“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა ხელისუფლების მიერ სოფლის მეურნეობის დარგში, წარმოებისა და ექსპორტის მიმართულებით გატარებული პოლიტიკის შედეგად მნიშვნელოვან პოზიტიურ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება.

„აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდის ბოლო წლებში არსებული დადებითი ტენდენცია შენარჩუნდა 2021 წელსაც და ექსპორტის მაჩვენებელმა შეადგინა 1 142 000 000 დოლარი, რაც უპრეცედენტოა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ეს დაახლოებით 200 მლნ დოლარით მეტია (21%-იანი ზრდა) წინა წელთან შედარებით. მზარდი ტენდენცია აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მიმართულებით შენარჩუნებულია 2022 წელსაც, პირველი კვარტლის მონაცემებით, გვაქვს 5%-იანი ზრდა. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში 72%-ით შემცირდა აგროსასურსათო პროდუქციით საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სავაჭრო სალდო. იმავე პერიოდში ევროკავშირში აგროსასურსათო ექსპორტში გვაქვს დაახლოებით 80%-იანი ზრდა (2021 წლის მონაცემებით 180 მლნ აშშ დოლარი).

საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ყოველწლიურად იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც  საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება. 2021 წელს ექსპორტი განხორციელდა მსოფლიოს 99 ქვეყანაში.  2021 წლის მონაცემებით, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაში პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელმა 6.0 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ – 7.3 მლრდ ლარი“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.